ოთარ კაკაბაძე: "ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 3 მატჩისთვის არ მივდივართ"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "კრაკოვიას" მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, პოლონურ მედია საშუალება terazpasy-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ყველა აღფრთოვანებული ველოდებით, რადგან მწვრთნელის გარდა, ევროზე არცერთს არ უთამაშია. მოლოდინი? ჩვენ გვინდა, რომ ყველა მატჩში ვიბრძოლოთ და ჯგუფიდან გავიდეთ, აქ მხოლოდ 3 მატჩით არ მოვსულვართ და გარწმუნებთ, თამაშის დროს დანებებულ საქართველოს ნაკრებს ვერ ნახავთ.
"კრაკოვიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. მოლაპარაკებები 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რაღაც მომენტში გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ჩემი ოჯახი აქ არის და ახლა გადასვლა არ გვსურს. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობთ.
მგონია, საქართველოს ნაკრებს მალე დიდ ტურნირებზე რეგულარულად ვიხილავთ. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მაღალი დონის ევროპულ გუნდში თამაშობს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვითამაშოთ", - თქვა ოთარ კაკაბაძემ.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში, თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შეხვდება. ისტორიაში პირველი შეხვედრა 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.