Belive

"კვარაცხელია საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ჩაკვეტაძე საქართველოს ფარული ჯადოქარი იქნება" - The Analyst

3 თვის წინ ფეხბურთი
6 წთ

ევრო 2024-ის დაწყებამდე ზუსტად 10 დღეა დარჩენილი. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და ავტორიტეტული სპორტული გამოცემები "ჯვაროსნების" შესახებ, ანალიტიკურ სტატიებს აქვეყნებენ.

გამონაკლისი არც The Analyst-ია, რომელმაც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა. "ყველამ იცის ხვიჩა კვარაცხელიასა და იმ უნიკალური შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მას გააჩნია, მაგრამ ევრო 2024-ზე გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება" - აღნიშნავს The Analyst.

როდესაც 26 მარტს, ნიკა კვეკვესკირმა გადამწყვეტი პენალტი შეასრულა, საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელზეც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იასპარეზებს. მოპოვებული საგზური აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი (ხვიჩა კვარაცხელია) პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე ითამაშებს.

2022-23 წლების სეზონში, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვინგერად ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ 21 ფეხბურთელს შორის, რომელთაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში, გასულ 2 სეზონში, ღია თამაშში საკუთარი გუნდისთვის 100+ შანსის შექმნა შეძლეს. კვარაცხელია სარგებლობს იმ ფეხბურთელის რეპუტაციით, რომელსაც მეტოქე გუნდის მცველების განადგურება შეუძლია. მხოლოდ ჯერემი დოკუმ შეძლო მასზე მეტი ოპონენტის მოტყუება. კვარაცხელია ასევე ლიდერობს შესრულებული დარტყმების რაოდენობაში - გასულ 2 სეზონში მან 133-ჯერ დაარტყა.

მაშინ, როდესაც კვარაცხელია მიჩნეულია საკვანძო მოთამაშედ და მის შესახებ ყველამ იცის, თავისი თანაგუნდელი, რომელიც ანალოგიური ნიჭითაა დაჯილდოებული, ნაკლებადაა ცნობილი. საუბარია გიორგი ჩაკვეტაძეზე - კიდევ ერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელზე.

ჩაკვეტაძეს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ისეთივე სიმაღლეები დაეპყრო, როგორიც კვარაცხელიას. "დინამო თბილისში" დაწყებული ახალგაზრდული კარიერის შემდეგ, ჩაკვეტაძემ ბელგიურ "გენტს" მიაშურა. ბელგიაში 18 წლის ქართველმა თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა და იმ დროისთვის, UEFA-მ იმ 50 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლისთვისაც თვალი უნდა გვედევნებინა.

სამწუხაროდ, 2019 წელს ჩაკვეტაძემ მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. 1 წლის შემდეგ, ჩაკვეტაძეს იგივე ტრავმა გაუმეორდა და მის განვითარებს დიდი დარტყმა მიადგა. ახალგაზრდა ფეხბურთელს თითქმის 1 წელი გაუცდა. ამ ყველაფრის შემდეგ გამოჩნდა კვარაცხელია, რომელმაც "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს რწმენა დაუბრუნა.

ახლა, მას შემდეგ რაც სერიოზული ტრავმა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღია, ჩაკვეტაძე საკუთარი პოტენციალის ზრდას განაგრძობს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ერთა ლიგის პლეი-ოფის 2 მატჩში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კვარაცხელიასა (1.23) და ჩაკვეტაძის (1.15) დუეტზე მეტი კრეატიული მომენტი არავის შეუქმნია.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, რიგ კომპონენტებში ჩაკვეტაძეზე უკეთესი მაჩვენებელი მხოოდ ისეთ ვარსკვლავებს ჰქონდათ, როგორიცაა მარტინ ოდეგორი, როდრი და დანი კარვახალი. A-ჯგუფში, ჩაკვეტაძე იყო ერთ-ერთი იმ სამ მოთამაშეს შორის, რომელთაც მინიმუმ 3 საგოლე გადაცემა შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ სამივე ასისტით კვარაცხელია მოამარაგა.

ჩაკვეტაძე სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე "უოტფორდში" გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ მიემგზავრება. თავდაპირველად, ჩაკვეტაძე "უოტფორდს" იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა, ჩემპიონშიპის ბინადარმა კლუბმა ის 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. როდესაც ქართული ფეხბურთის ლეგენდა - შოთა არველაძე ინგლისში ჩავიდა, ჩაკვეტაძეს უთხრა: "მათ შენ ძალიან შეუყვარდები".

9 თვის შემდეგ, არველაძე მართალი აღმოჩნდა. გამორჩეული უნარების გამო, "უოტფორდის" ფანებისთვის ჩაკვეტაძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი გახდა. იანვრის თვიდან ჩაკვეტაძემ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა გუნდზე და ბრწყინვალე თამაშით იმდენად დაეხმარა, რომ გუნდმა ჩემპიონშიპიდან სამარცხვინო გავარდნა აირიდა თავიდან. სეზონის განმავლობაში ჩაკვეტაძე ძალიან პროდუქტიული იყო და ღია თამაშში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ფინ აზაზმა დააფიქსირა. მოთამაშეებს შორის, რომელთაც მოედანზე მინიმუმ 1500 წუთი გაატარეს, ჩაკვეტაძეს ბრწყინვალე მაჩვენებელი აქვს - ის თამაშში საშუალოდ 3.9 საგოლე შანსს ქმნიდა.

ბოქსინგ დეის შემდეგ, ჩაკვეტაძე გახდა მეორე ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე, რომელმაც 37 საგოლე შანსი შექმნა და მოსალოდნელი საგოლე გადაცემების მაჩვენებელი 2.6 დააფიქსირა. 2023-24 წლების სეზონში, ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის 8 საუკეთესო შემტევ ფეხბურთელს შორის მოხვდა.

საქართველოს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ 18 ივნისს დაელოდოს. თარიღს, როდესაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს დაუპირისპირდება. თურქეთის შემდეგ, საქართველოს F-ჯგუფში ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

ევრო 2020-ზე დებიუტანტმა ფინეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლეს, მაგრამ არცერთ მათგანს არ ჰყოლია ისეთი ტალანტები, როგორიც საქართველოს ჰყავს. ვინ იცის, იქნებ სწორედ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია გახდებიან ის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს წარმატებისკენ გაუძღვებიან.

სხვა სტატიები