ორი ქართველი ერთ გუნდში? - გიორგი გულიაშვილით ლიგა 1-დან ინტერესდებიან
საქართველოს ნაკრების ახალწვეული, გიორგი გულიაშვილი შესაძლოა ტოპ 5 ლიგაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.
23 წლის ცენტრალურ თავდამსხმელს ძალიან კარგი სეზონი აქვს და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, რის გამოც მისი მისამართით არაერთი მაღალი დონის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდის ინტერესის შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება.
აქამდე, განსაკუთრებულად იტალიის ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდები აქტიურობდნენ, ახლა კი ქართველი ცენტრალური ფორვარდის მისამართით ინტერესს საფრანგეთის ლიგა 1-ის ორი გუნდი, "ლანსი" და ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" გამოხატავენ.
ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გულიაშვილის დამატებით პირეოსის "ოლიმპიაკოსი" და "ფერენცვაროში" ინტერესდებიან.
"სარაევოს" შემადგენლობაში, ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა 17 მატჩში 12 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში მან კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო.