ოფიციალურად: ალექსანდრე კალანდაძე ფეჰერვარში ითამაშებს
უახლოეს დღეებში უნგრულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა: საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ალექსანდრე კალანდაძე კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდლიაძემ დაუდასტურა, რომ "დინამო თბილისის" კაპიტანი, რომელიც კარიერას ადრეულ ეტაპზე "დიოშ გიორში" თამაშობდა, უნგრეთში ბრუნდება და კონტრაქტს "მოლ ფეჰერვართან" გააფორმებს.
"დინამოს" აკადემიის აღზრდილი 23 წლის ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძის ძველ გუნდში ითამაშებს, რომელიც უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია და ქვეყნის ჩემპიონატი სამჯერ, თასი ორჯერ, ლიგის თასი სამჯერ და სუპერ თასი ორჯერ აქვს მოგებული. ისტორიული გუნდი 1941 წელს არის დაარსებული და მას გულშემატკივარი "ვიდეოტონის" სახელით უფრო მეტად იცნობს, კომპანია "მოლთან" თანამშრომლობის შემდეგ სახელმა ფორმაცია განიცადა და ჯერ "მოლ ვიდი", ახლა კი "მოლ ფეჰერვარი" ეწოდა.
ალექსანდრე კალანდაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში მან ორჯერ თამაში მოახერხა.