Belive

ნორვეგიის ნაკრების მცველი: "საქართველო ისეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიის ეროვნულ გუნდს სტუმრად, ქვეყნის დედაქალაქ ოსლოში, "ულევაალ არენაზე" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ნორვეგიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, შტეფან შტრანდბერგმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მისი გუნდი გამარჯვების მოსაპოვებლად ითამაშებს.

"ხშირად მარტივი არ არის ისეთ გუნდებთან დაპირისპირება, რომლებიც ახლახანს დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. ასეთ დროს გუნდები გრძნობენ შეურაცხყოფას და სიამაყეს იმისთვის, რომ სიტუაცია გამოასწორონ. მაგრამ, ჩვენ მოედანზე გამოვალთ და თამაშს გავაკონტროლებთ - საუკეთესო გუნდი ვიქნებით. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან მხოლოდ მოგება გვჭირდება.

ესპანეთის წინააღმდეგ მათ ცოტა უცნაური მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვა, ოთხი მცველით ითამაშა და არა ხუთით, როგორც ეს ჩვენთან მატჩში გააკეთეს. ესპანეთის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა და მიღებული მრავალი შანსით ისარგებლა, საბოლოდ კი გუნდმა ასეთი რთული შედეგი მიიღო. მაგრამ არა, საქართველო ისეთი ცუდი ნაკრები არ არის, როგორიც გამოჩნდა.

ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, რომელსაც რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ყავს, მათ შორის ოქროს ბურთის კანდიდატი, ხვიჩა კვარაცხელია და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე.

მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი გახდა, ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცოტა გოლი გვაქვს გაშვებული და ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაცვაში კარგად გამოვიყურებით, ასეც გავაგრძელებთ, თუმცა ცხადია გაუმჯობესება ყველას გვჭირდება.

უნდა გავძლიერდეთ და საკუთარი ძალების მაქსიმუმი გავიღოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

საქართველოსთან სტუმრად რთული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის შეხვედრა უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ და ამას ახლა უნდა შევეცადოთ.

ვფიქრობ, წინა მატჩებში ბევრი მომენტის გამოყენება ვერ შევძელით, რის გამოც საკმაო რაოდენობის ქულები დავკარგეთ და ახლა სულ მცირე 9 ქულა უნდა გვქონდეს. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის წინა მატჩებში ნაჩვენები თამაშის გაგრძელება - როგორც მწვრთნელი ამბობს, ასეთ შემთხვევაში ქულებს აუცილებლად მოვიპოვებთ", - თქვა 33 წლის ფეხბურთელმა.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 11 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები