Belive

ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი კომაშია - ელისს ოპერაცია ჩაუტარდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის მატჩში, "ბორდომ" საშინაო კედლებში "გენგამს" - 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, სლოვენიელმა თავდამსხმელმა, ზან ვიპოტნიკმა გაიტანა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, უფრო ზუსტად კი პირველსავე წუთზე, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. კერძოდ, "ბორდოს" ჰონდურასელი შემტევი, ალბერტ ელისი გაზონზე დაეცა და მძიმე ტრავმა მიიღო. 8-9 წუთის განმავლობაში თამაში შეჩერებული იყო და 28 წლის ფეხბურთელს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით, საკაცის დახმარებით ის მოედნიდან გაიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მატჩის შემდეგ რამდენიმე საათში ცნობილი გახდა ალბერტ ელისის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც როგორც ირკვევა ოპერაცია ჩაუტარდა. თავდაპირველი დიაგნოზი უფრო მარტივი იყო და მიიჩნეოდა, რომ მას სახის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, მაგრამ ამჟამად ის უგონო მდგომარეობაშია. ამჟამად ალბერტ ელისი ოჯახის წევრების გარემოცვაშია და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უახლესი ცნობების გავრცელებისთანავე, სტატია განახლდება.

ალბერტ ელისს სოციალურ ქსელში მხარდაჭერა 23 წლის ქართველმა შემტევმაც გამოუცხადა: "ყველაფერი კარგად იქნება, ძმაო", - დაწერა ზურიკო დავითაშვილმა Instagram-ში.

ზურიკო დავითაშვილს 2023/24 წლების სეზონში "ჟირონდინების" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული, რაც შეეხება თავად "ბორდოს", 26 ტურის შემდეგ დაგროვებული 35 ქულით გუნდი ლიგა 2-ში მე-13 პოზიციას იკავებს და პლეი-ოფში გამსვლელ ხუთეულის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები