Belive

"ნაპოლიში ქართული გზა გრძელდება" - ნეაპოლში კვერნაძის ტრანსფერს ვარაუდობენ

4 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

"ფროზინონეს ახალგაზრდა ქართველი ტალანტი, გიორგი კვერნაძე, იტალიური მედიის მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. სეზონის შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელის მიმართ ინტერესი როგორც იტალიური გრანდების, ისე უცხოური კლუბების მხრიდან დღითიდღე იზრდება", - წერს სამხრეთიტალიური მედია საშუალება areanapoli, რომელიც ნაპოლის სიახლეებს რეგულარულად აშუქებს.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის შთამბეჭდავი სეზონი მართლაც უმეთვალყურეოდ არ დარჩენიათ იტალიურ და ევროპულ გრანდებს და ქართველი ფეხბრუთელის დამატების სურვილი ყოველდღიურად იზრდება.

ნაპოლი, ქალაქი და გუნდი სადაც ქართველი ფეხბურთელის, განსაკუთრებით კი შემტევი ყაიდის მოთამაშისა, განსაკუთრებულად კარგად იციან, საქართველოს ნაკრების წევრის ნავსაყუდელად შესაძლოა ისევ იქცეს. როგორც ჩანს, ნეაპოლის პორტს კიდევ ერთი ქართული გემი მიადგა.

"როდესაც გიორგი კვერნაძე ფროზინონეში მოვიდა, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა ტაქტიკურად დაუმუშავებელი, რომლისთვისაც სწორი პოზიციის შერჩევა წინა მწვრთნელებს უჭირდათ.

პაოლო ბიანკომ ის მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა, სადაც თავი უკეთ წარმოაჩინა, ხოლო ნამდვილი აფეთქება მასიმილიანო ალვინის მოსვლას უკავშირდება. ალვინის ის თავიდანვე მოსწონდა და მისი დისციპლინა და ტაქტიკურ ჩარჩოებში მოქცევა შეძლო. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, მწვრთნელის ხედვამ შედეგი სრულად გამოიღო", - ამბობს ფროზინონესთან დაახლოებული ჟურნალისტი, ანჯელო ბატისტი.

"იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული ტრანსფერის შემდეგ, ნაპოლი შესაძლოა კვლავ ქართული ბაზრით დაინტერესდეს. ნეაპოლური კლუბი კვერნაძისთვის თვალყურის დევნებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმავს, თუმცა ტრანსფერის განსახორციელებლად გუნდმა ჯერ შემადგენლობის განტვირთვა და ერთ-ერთი ფეხბურთელის გაყიდვა უნდა შეძლოს", - ასრულებს სტატიას areanapoli.

გიორგი კვერნაძეს ფროზინონესთან ერთად ბრწყინვალე სეზონი აქვს. სამხრეთელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ მე-6 პოზიციას იკავებს, ხოლო 23 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები