Belive

მთელი წინა სეზონის გამეორება - მამარდას და ვალენსიას კარგი შედეგი

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიაში" ბრწყინვალე სეზონი აქვს. ორი კარგი სეზონის შემდეგ, "ღამურების" შემადგენლობაში დაგროვებული გამოცდილების ხარჯზე, წელს მამარდა შესანიშნავ ფორმაშია და გუნდის უპირობო ლიდერი გახლავთ.

ის, რომ "ვალენსია" მეშვიდე ადგილზეა და ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის, 23 წლის ქართველი მეკარის ძალიან დიდი დამსახურებაა და ამაზე ესპანურ მედიაშიც აქტიურად საუბრობენ.

ამჯერად, განხილვის საგანი "ვალენსიას" დაცვითი საქმიანობა და ამით გაუმჯობესებული სტატისტიკა გახლავთ. plazadeportiva.valenciaplaza საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, "ვალენსიას" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარის უსაფრთხოება მშრალად უკვე იმდენჯერ აქვს შენახული, რამდენჯერაც ეს მთელ წინა გათამაშებაში მოახერხეს (21 ტურში 7-ჯერ).

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის ამ ეტაპისთვის "ვალენსიას" 24 გოლი აქვს გაშვებული, რაც 21 ტურის შემდეგ საშუალოდ ერთ მატჩში 1.14 გოლს უდრის, წინა წლებში კი გუნდს ამაზე უფრო დაბალი შედეგი ჰქონდა. წინა სეზონში, 21 ტურის შემდეგ "ვალენსიას" 26 გოლი ჰქონდა გაშვებული, სეზონის ბოლოს კი ეს მონაცემი 45-ზე ავიდა. რაც შეეხება ხოსე ბორდალასის პერიოდს, მის დროს გუნდს 21 ტურში 33 გოლი ჰქონდა გაშვებული, სეზონის დასრულების შემდეგ კი ამ მონაცემმა 53 შეადგინა.

გასულ წლებში ყველაზე კარგი შედეგი "ვალენსიას" ორ სეზონში ჰქონდა, პირველი 2017/18 წლებია, როდესაც გუნდს 21 ტურის შემდეგ საკუთარ კარში 25 ბურთი ჰქონდა მიღებული, მეორე კი 2019/20 წლების სეზონია 18 გოლით და საშუალო მაჩვენებლით - 0.85.

"ვალენსიას" 21 ტურის შემდეგ დაგროვებული 32 ქულით მეშვიდე პოზიცია უკავია და მეექვსე ადგილზე მყოფ "რეალ სოსიედადს" 3 ქულით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი გუნდს 28 იანვარს, მადრიდის "ატლეტიკოსთან" სტუმრად, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ელოდება.

სხვა სტატიები