Belive

გიორგი ქვილითაია: "ჩემი ყველაზე ძლიერი თვისებები გამოვიყენე და წელს საუკეთესოდ ვითამაშე"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი და ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია "აპოელთან" ერთად კვიპროსის ჩემპიონობას უახლოვდებიან. 2023/24 წლების სეზონის გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქართველების გუნდი, ჩემპიონატში ლიდერობს და უახლოეს მდევარ "აეკ ლარნაკას" 1 ქულით უსწრებს.

სეზონის დასრულებამდე გუნდებს შეცდომის დაშვების, ფეხის დაცდენის და ქულის დაკარგვის უფლება არ აქვთ. ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი გახლავთ და შესაბამისად, ასეთ დროს მოპოვებულ ქულებს ოქროს ფასი აქვს. ორივე გუნდი მატჩების მოგებას მიჯრით ახერხებს და ჩემპიონატის ფინიშზე, დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. სეზონის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, განსაკუთრებულად კარგ ფორმაში შედიან ქართველი ფეხბურთელები. გიორგი ქვილითაიამ ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა მოახერხა, ორივე მათგანი მისმა გუნდმა (2:0) მოიგო, მათ შორის მოქმედ ჩემპიონ "არისთან", რომელსაც 30 წლის ფორვარდმა ულამაზესი, თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაუტანა.

მატჩის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ კვიპროსულ მედიასთან ისაუბრა და როგორც თავისი ბრწყინვალე თამაშის, ისე მთლიანად გუნდში არსებული ატმოსფეროს და გადამწყვეტ ეტაპზე მისული საჩემპიონო, მარათონული რბოლის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ ყველა ჩვენგანმა ზუსტად იცოდა სამატჩო გეგმა და ის ზედმიწევნით სწორად შესრულდა.

ეს ჩემთვის ალბათ წლის საუკეთესო თამაში გახლდათ. გასახდელში გასვლის შემდეგ, ეგრევე ჩემი გოლის ვიდეო ვნახე. ზურგით თამაში და ბურთის მიღება, თამაშის ის ელემენტებია, რომელიც ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეა.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდის თამაშს, ვფიქრობ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ვიცით ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ამ ყველაფრის კარგად გამოყენებას ვცდილობთ.

"აპოელს" ისტორია ზურგს უმაგრებს და საჩემპიონო რბოლაში მუხტს აძლევს", - თქვა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა.

ჩემპიონატის დასრულებამდე "აპოელს" და "აეკს" ჯერ თითო-თითო მატჩი აქვთ ჩასატარებელი, დასკვნით ტურში კი ერთმანეთს ("აპოელის" საშინაო არენაზე) ხვდებიან. შესაბამისად, შემდეგ ტურში, "ომონიასთან" ნიქოზიური დერბის მოგების შემთხვევაში, "აპოელი" "აეკთან" მატჩში ფრის დაფიქსირებითაც ჩემპიონი გახდება (თუ ქართველების გუნდი შემდეგ ტურში იმარჯვებს, "აეკი" კი წააგებს, "აპოელი" ჩემპიონი გახდება).

რაც შეეხება თავად გიორგი ქვილითაიას, ეს "აპოელის" ქართველი კაპიტნისთვის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35-ე მატჩში მეცხრე გოლი გახლდათ, უშუალოდ ჩემპიონატში კი მერვე.

"აპოელი" კვიპროსის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და ქვეყნის ჩემპიონობა სარეკორდოდ, 28-ჯერ მოიგო, თუმცა ტიტული მათ 2018/19 წლების შემდეგ არ მოუპოვებიათ. ამ პაუზის დასრულების საშუალება ქართველ ფეხბურთელებს ეძლევათ.

გიორგი ქვილითაიას საოცარი გოლი არისის კარში
გიორგი ქვილითაიას საოცარი გოლი არისის კარში (ვიდეო)

სხვა სტატიები