Belive

"მოტივირებულები ვართ და ჯგუფში გალიდერება გვსურს" - საქართველოს ნაკრები კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო და საშინაო კედლებში, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის საწყის ტურში "ანდორას" (2:1) მოუგო.

სეზონის მეორე მატჩის გასამართად ჩვენი გუნდი კვიპროსში გაემგზავრა და კუნძულზე მასპინძელ ნაკრებს ესტუმრება.

ლარნაკაში, "აეკის" სტადიონზე გასამართ მატჩამდე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ირის ანთმანი კომენტარს აკეთებს.

"კვიპროსში ანდორასთან გამარჯვების შემდეგ ჩამოვედით. ამ გამარჯვებამ ბევრი კარგი რამ მოგვცა, ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და გაშვებული გოლის შემდეგ, მატჩის დასკვნით წუთზე მოგება მოვახერხეთ.

მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით, მეტოქეს კარგად ვიცნობთ და მათთან ორი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული. ამავე დროს, ორივე შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა და ვიცით, რომ ახლაც ძნელი თამაში იქნება.

ფეხბურთელებმა საკუთარი უნარები და ის ხარისხი უნდა გამოავლინონ, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს, რადგან გამარჯვება და სატურნირო ცხრილში გალიდერება გვსურს", - ამბობს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი.

მატჩის წინ, გამარჯვების მნიშვნელობასა და გუნდის განწყობაზე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, თინათინ ამბალიაც საუბრობს.

"ანდორასთან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ახლა კი შემდეგი მატჩისთვის ვემზადებით. კვიპროსს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ყავს, მაგრამ მეტოქე ძალიან კარგად შევისწავლეთ. გოგოები ძალიან კარგი განწყობით არიან და მომდევნო გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - ამბობს თინათინ ამბალია.

ნინო ჩხარტიშვილის თქმით, კვიპროსთან გამარჯვება მარტივი არ იქნება, მაგრამ საამისოდ, გუნდი მაქსიმუმს გაიღებს: "ვფიქრობ, წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წინა მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა კი გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. მოტივირებულები ვართ, მაქსიმუმს გავიღებთ, თავს არ დავზოგავთ და შევეცდებით, რომ 3 ქულა კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ";

საქართველოს და კვიპროსის ნაკრებებმა საწყის ტურში გამარჯვება მოახერხეს, ამ შეხვედრაში გამარჯვებული კი ჯგუფის ლიდერი გახდება. საქართველოს ნაკრები კვიპროსს 25 თებერვალს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები