მოქმედიდან ექს-ჩემპიონში: გიორგი ქვილითაია გუნდის შეცვლასთან ახლოსაა
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია შესაძლოა ზაფხულში ახალ გუნდში გადავიდეს.
კვიპროსული gazzetta-ის ცნობით, 31 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, ქვეყნის 2023 წლის ჩემპიონ, ლიმასოლის "არისთან" შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან სწორედ ამ გუნდში ითამაშებს.
აღნიშნული მედია საშუალების ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმება მიღწეული აქვთ და მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაა დარჩენილი, რის მერეც, უდიდესი ალბათობით, გიორგი ქვილითაია, სწორედ "არისის" ფეხბურთელი გახდება. მას "აპოელთან" მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 31 მაისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
"არისი" თავის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს გადის და 2023 წელს სადებიუტო ჩემპიონობაც მოიპოვა. მიმდინარე სეზონში, გუნდმა ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეს მათთვის ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე სადებიუტო გამოსვლა გახლავთ. 2023/24 წლების სეზონში, "არისმა" კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა "აპოელში" მესამე სეზონი ჩაატარა, სადაც "გენტიდან" აღმოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა თავდამსხმელმა 96 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა, მან და ლაშა დვალმა კი "აპოელს" ისტორიაში 29-ედ და 2019 წლის შემდეგ პირველად ქვეყნის ჩემპიონობა მოაპოვებინეს.