Belive

"მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ" - ქვილითაია და აპოელი ისევ ითანამშრომლებენ?

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია, შესაძლოა ახალი სეზონიდანაც ნიქოზიის "აპოელის" შემადგენლობაში ირიცხებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპოსული მედია ავრცელებს და ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ინტერესზე საუბრობს.

protathlima.cyprustimes-ის ცნობით, გიორგი ქვილითაიას, რომელსაც გუნდთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 მაისს უსრულდება, კვიპროსის დედაქალაქში დარჩენა სურს. რაც შეეხება "აპოელს", მათი სურვილები ემთხვევა და გუნდის ხელმძღვანელობასაც ვიცე-კაპიტნის შენარჩუნება სურს.

"ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ძალიან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდეგ, როცა სა პინტუსთან კონფლიქტი წარმოიშვა, ქვილითაიამ ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება მარტივი არ იქნებოდა. ახლა, როცა პორტუგალიელი მწვრთნელი "აპოელში" აღარ იმუშავებს, შესაძლოა, თანამშრომლობა გაგრძელდეს", - წერს protathlima.cyprustimes.

რაც შეეხება shootandgoal-ის, რომელიც ამ ვერსიას იზიარებს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვილითაიას წვლილი "აპოელის" წარმატებაში საკმაოდ დიდია: "შესაძლოა ის არ გახლავთ გოლების გატანის განსაკუთრებული უნარ-ჩვევით გამორჩეული, თუმცა ის სამუშაო, რომელსაც მოედანზე ასრულებს, განუზომლად დიდია. როცა გიორგი ქვილითაია მოედანზე არ არის, ეს "აპოელის" თამაშში მარტივად შეიმჩნევა".

გიორგი ქვილითაიამ "აპოელში" მესამე სეზონი ჩაატარა, სადაც "გენტიდან" აღმოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა თავდამსხმელმა 96 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა, მან და ლაშა დვალმა კი "აპოელს" ისტორიაში 29-ედ და 2019 წლის შემდეგ პირველად ქვეყნის ჩემპიონობა მოაპოვებინეს.

სხვა სტატიები