Belive

მიქაუტაძე იუვეს სამიზნეთა სიაშია: ტურინელებს ქართველი ფორვარდის დამატებას ურჩევენ

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინის "იუვენტუსის" სამიზნეთა სიაში გიორგი მიქაუტაძეც იქნება.

"ბიანკონერის" ცენტრალური ფორვარდის პოზიციის გაძლიერება სურს, რადგან ამ სეზონის შემდეგ გუნდს უდიდესი ალბათობით დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო-მუანი შეიცვლიან. "იუვენტუსის" ხელმძღვანელებს ამ პოზიციაზე, თავის დროზე, "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას მეწყვილის, ვიქტორ ოსიმენის დამატება სურთ ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ნეაპოლელთა საჩემპიონო გუნდის შემქმნელი, კრისტიანო ჯუნტოლი გახლავთ), თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მისი დამატება ვერ მოხერხდება, "ზებრებს" რამდენიმე ვარიანტი აქვთ. ჩამონათვალში საქართველოს ნაკრების მეგოლის სახელს და გვარსაც ვკითხულობთ.

ნიგერიელი ცენტრალური ფორვარდის ვერ დამატების შემთხვევაში, "იუვეს" რამდენიმე კანდიდატს ურჩევენ: მისივე თანამემაულე, ვიქტორ ბონიფასი (ლევერკუზენის "ბაიერი"), მატეო რეტეგი (ბერგამოს "ატალანტა"), ლიამ დელაპი ("იფსვიჩი"), ლუის ოპენდა ("ლაიფციგი") და "ლიონის" ქართველი გოლეადორი.

24 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება "იუვენტუსს" ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში, მისი ამსტერდამის "აიაქსში" გადასვლამდე სურდა, დაინტერესებულ მხარეთა შორის კიდევ ერთი იტალიური გუნდის, "რომას" სახელიც ფიგურირებდა.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის დამატება "იუვესთვის" 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ქართველ ბომბარდირს ამ სეზონში "ლიონის" შემადგენლობაში 44 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული, უშუალოდ ლიგა 1-ში კი 10 და ამ მაჩვენებლით, ალექსანდრ ლაკაზეტის შემდეგ, გუნდის მეგოლეთა ჩამონათვალში მეორე ადგილზეა.

სხვა სტატიები