მესამე ქართველი | კადისი ანზორ მექვაბიშვილის დამატებასაც შეეცდება
1 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინული digisport-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და უნივერსიტატეა კრაიოვას ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ კადისში გადაბარგდეს.
"მას შემდეგ, რაც უნივერსიტატ კრაიოვასთან ერთად დუბლი მოიგო, ანზორ მექვაბიშვილი შესაძლოა რუმინეთის სუპერლიგიდან წავიდეს.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ქართველი ფეხბურთელით ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც ათენის აეკი და ხეტაფე არიან, ახლა კი რბოლაში კიდევ ერთი კლუბი ჩაერთო.
ანზორ მექვაბიშვილი კადისის სიაში მოხვდა. ესპანური პრესის ცნობით, სეგუნდა დივიზიონის წარმომადგენელი კადისი სწორედ ის გუნდია, რომელსაც ანზორ მექვაბიშვილი სურს.
ანდალუსიური კლუბი, რომელიც უკვე 3 წელია ლა ლიგა 2-ში თამაშობს, ელიტარულ დივიზიონში დაბრუნებას ისახავს მიზნად და მზადაა, დაიმატოს ფეხბურთელები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულად დაეხმარებიან.
ანზორი იმ მოთამაშეთა სიაშია, რომელთა შეძენაც კადისს სურს და გუნდი უნივერსიტატ კრაიოვასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.
მიუხედავად ამისა, საკითხავია, რამდენად შედეგება ეს ტრანსფერი იმ ფონზე, რომ რუმინეთის მოქმედმა ჩემპიონმა ანზორის სანაცვლოდ შეთავაზებული 5 მილიონი ევრო ახლახან, სავარაუდოდ, დაიწუნა.
შედარებისთვის, კადისის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ტეო ბონგონდაა, რომელიც 2022 წელს გენკიდან 3 მილიონ ევროდ შეიძინეს.
შესაძლო წასვლამდე, ანზორი უნივერსიტატ კრაიოვასთან ერთად ევროპა ლიგის პლეი-ოფში ერევნის არარატის წინააღმდეგ ითამაშებს", - წერს digisport.
კადისში შარშანდელი სეზონიდან იური ტაბატაძე თამაშობს, უახლოესი ინფორმაციებით კი, გადაწყვეტილია გიორგი გოჩოლეიშვილის ანდალუსიურ გუნდში გადაბარგება.
ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას შემადგენლობაში 116 მატჩში 7 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან რუმინეთში სამივე ტიტულის მოგება შეძლო, ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის, ამავე დროს კრაიოვამ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორედ თამაში გაინაღდა.