Belive

მერაბ ჟორდანია: "კვარაცხელია აიაქსს შევთავაზეთ, მაგრამ ჩათვალეს, რომ მზად არ იყო"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გამოცდილმა ქართულმა საფეხბურთო მენეჯერმა, მერაბ ჟორდანიამ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას, რამდენიმე წლის წინ ამსტერდამის "აიაქსში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა.

ვეტერან ქართველ ფეხბურთელს, მწვრთნელს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ნიდერლანდელი ჟურნალისტები სამშობლოში ეწვივნენ და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს, რომელშიც, მერაბ ჟორდანიამ სწორედ ნეაპოლელთა 77-ე ნომრის ამსტერდამულ გრანდში პოტენციური გადასვლის დეტალები გაიხსენა.

"ჩემი აზრით, დღეს ის თავის პოზიციაზე, მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა ვინისიუს ჟუნიორთან ერთად. ამავე დროს, ის ძალიან საყვარელი ბიჭია. იცით, რომ მას შეიძლებოდა ნიდერლანდებშიც ეთამაშა? ჩვენ ის ამსტერდამის "აიაქსს" შევთავაზეთ, მაგრამ მათ მიიჩნიეს რომ ჯერ ადრე იყო და ის ამ კლუბში სათამაშოდ მზად არ იყო. ახლა კი შეხედეთ მის სატრანსფერო ღირებულებას", - თქვა მერაბ ჟორდანიამ ნიდერლანდელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

იტალიის მოქმედი ჩემპიონები 2023/24 წლების სერია A-ს სეზონს, 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" სტუმრად გასამართი მატჩით გახსნიან.

სხვა სტატიები