Belive

"მძიმე მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა" - ვილი სანიოლი ესპანეთთან მატჩამდე

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ვალიადოლის ხოსე სორილიას სტადიონი უმასპინძლებს, სადაც საქართველომ მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მწვრთნელთან ერთად მედიის კითხვებს ნაკრების ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხა.  

ესპანეთთან თბილისში ჩატარებული მატჩი ძალიან რთული იყო ჩვენთვის. თუმცა, იმ მძიმე მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. დავფიქრდით პრიორიტეტებზე, სათამაშო სტილზე, მიდგომაზე. ფეხბურთელებს არ დავიწყებიათ ის მარცხი, თუმცა აქ რევანშისთვის არ ჩამოვსულვართ. ახლა მარტის პლეი-ოფისთვის ვემზადებით და მოთამაშეებმა მხოლოდ საკუთარ ასპარეზობაზე და გუნდის წარმატებულ თამაშზე უნდა იფიქრონ. შესაძლოა, ესპანეთის დონის ნაკრებთან ძალიან კარგად ითამაშო, მაგრამ მაინც დამარცხდე. ასე რომ, ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენი თამაშის ხარისხზე და მარტისთვის მზადებაზე.

შოტლანდიასთან მატჩის 70 წუთი ძალიან კარგი იყო, მეორე გოლი კი, ბევრი მცირე შეცდომის შედეგად გავუშვით. ამის შესახებ ვისაუბრეთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ არასდროს გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა. ვფიქრობ, ახლა გუნდი სწორ გზაზეა. მშვიდად გვჭირდება მუშაობის გაგრძელება და ძალიან მნიშვენლოვანი მარტის მატჩებისთვის მომზადება - ვილი სანიოლი

ოთარ კაკაბაძის შესახებ : ოთარ კაკაბაძე ყოველთვის ჩვენთან ერთად არის და თამაშობს, როდესაც ტრავმა არ აწუხებს. იშვიათად უშვებს შეცდომებს და როდესაც მარჯვენა ფლაგნზე ასეთი მოთამაშე გყავს, თავს მშვიდად გრძნობ. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტრავმა, თუმცა შოტლანდიასთან ძალიან კარგად დაბრუნდა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მზად არის მეორე მატჩის ჩასატარებლადაც და ეს მახარებს. 


გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ : გიორგი ქოჩორაშვილი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობს ესპანეთში და განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. ძალიან მომწონს ეს მოთამაშე. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი, მითხრეს, რომ ესპანეთში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე სეზონში, ლევანტეში, ეს პრობლემა აღარ აქვს. საინტერესო მოთამაშეა, როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე თამაშის დროს და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშე გვაკლდა ბოლო პერიოდში ნახევარდაცვაში. ვიმედოვნებ, კლუბშიც გააგრძელებს თამაშს და მარტის მატჩებს ჯანმრთელი და სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, თუმცა წარმატების შემთხვევაში, საქართველოს შანსი აქვს ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულოს.

სხვა სტატიები