Marca: "კვარაცხელია ლუის ენრიკეს გუნდის ფარული საგანძურია"
22 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ესპანური მედია საშუალება Marca საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ გადამწყვეტ მატჩებში ის თავს კომფორტულად გრძნობს.
"ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს პსჟ-ს ფარული საგანძურია. დემბელეს და ვიტინიას მსგავსად, ის ყურადღების ცენტრში არ არის, მაგრამ მისი სტატისტიკა და წარმატებაში შეტანილი წვლილი მას ლუის ენრიკეს გუნდის ფარულ ლიდერად აქცევს. ამრიგად, მონაკოს პირისპირ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ადრე, კვარაცხელია ფართო მასისთის უცნობი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ნაპოლის გულშემატკივრებისთვის მისი მისვლა ჟანგბადის წყაროს წარმოადგენდა. ქართველის სადებიუტო სეზონში მათ 33 წლის შემდეგ სკუდეტოს გაუსინჯეს გემო.
30 გატანილი გოლი და 29 საგოლე პასი, მისი აღმაფრთოვანებელი ფეხბურთი, შთამბეჭდავი თამაშები, ეს ყველაფერი პსჟ-სთვის 2025 წლის იანვარში ტრანსფერის საფუძველი გამოდგა.
პარკ დე პრენსზე გატარებული სადებიუტო ნახევარი წლის განმავლობაში კვარაცხელიამ ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც ცოტა თუ ელოდა. ჩემპიონთა ლიგა მისი ბრწყინვალების სცენა გამოდგა, ტურნირი, რომელშიც პლეი-ოფის მატჩებში მისი გავლენა განსაკუთრებული გახლდათ. გამორჩეულია მისი გოლი ფინალში ინტერის პირისპირ. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მსგავს ტენდენციას მიჰყვება.
მაღალი ზეწოლის მომენტებში ხვიჩა კვარაცხელია ადგილზეა. მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის სუპერთასზე, უეფას სუპერთასზე და გაიტანა გოლი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარემარბი არამხოლოდ ის მოთამაშეა, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს, როცა ქარი ზურგს უმაგრებს, არამედ ის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაც ახერხებს წარმატებას. იგივე ითქმის ლიგა 1-ზე, სადაც მას გოლები მარსელის, მონაკოსა და ლიონის კარში აქვს გატანილი.
ქართველის აღიარება არამხოლოდ მისი მწვრთნელისგან, არამედ უსმან დემბელესგანაც მოდის, რომელიც ცდილობს იმ ფორმაში ხელახლა შესვლას, რამაც ის თეატრ დიუ შატლეს მწვერვალზე აიყვანა. ცხადია, რომ თუ პსჟ ორი უდიდესი ვარსკვლავის საუკეთესო ფორმას აღადგენს, გუნდი კვლავ ყველაფრის პრეტენდენტი გახდება.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემთხვევითობა არ არის, არამედ შრომისა და ძალისხმევის შედეგია, რომელიც უკვე კონტინენტის გამორჩეული მოთამაშეა. 2025 წელს ჩატარებულმა მატჩებმა მას ოქროს ბურთის გათამაშებაში მე-12 ადგილი მოუტანა, მაგრამ 25 წლის ასაკის მიღწევის და მთელი სპორტული კარიერის წინ, კვარაცხელია ერთ-ერთ იმ ფეხბურთელად ითვლება, რომელსაც ევროპაში დომინირება სურს", - წერს Marca.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.