Belive

ლუკა ცირეკიძე: "მსოფლიოს დავანახეთ რა შეგვიძლია ამ პატარა ერს"

9 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

ლუკა ცირეკიძე ახალგაზრდა ქართველი მორაგბეა, რომელმაც U20 რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო თასზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი, სწორედ ჩვენი რესპოდენტია. 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისა და საუცხოო ასპარეზობის შემდეგ, ლუკა ცირეკიძეს "შავი ლომის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და კარიერის გაგრძელება პირველ პროფესიონალურ ქართულ ფრენჩაიზში შესთავაზეს.

belive-სთან საუბარში, ლუკა რაგბისადმი დაინტერესების, საწყისი პერიოდისა და გეგმების შესახებ საუბრობს. 

როდესაც პირველად ვუყურე რაგბს, დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში და რაგბის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე. ინსპირაციის წყარო ჩემი ოჯახი, მეგობრები და ის ბიჭები იყვნენ, რომლებიც მოედანზე სულს და გულს დებდნენ.

A-ლიგის გამორჩეული ფინალის შემდეგ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შეკრებაზე მოვხვდი. კარგად ჩატარებული შეკრების შემდეგ, ინგლისთან თამაშის შანსი მომეცა, რაც კარგად გამოვიყენე და ამ ყველაფერმა გარდამტეხი როლი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაში. მსოფლიო თასზე  ჩატარებული კარგი თამაშების შემდეგ, "შავი ლომის" მენეჯერი დამიკავშირდა და მითხრა რომ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურდა.

 

მიუხედავად იმისა რომ შავ ლომში ეროვნული ნაკრების ბევრი წევრია, მე მაინც ვეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ყველა მოცემული შანსი ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო. როგორც ვახსენე გუნდში ეროვნული ნაკრების ბევრი მოთამაშე არის - ჩემი აზრით ეს ყველაფერი გუნდთან ადაპტაციაში ხელს შემიწყობს რადგან, მათი გამოცდილების ხარჯზე ადვილად შევეწყობი გუნდს. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მაძლევს.

რაც შეეხება 20-წლამდე ნაკრებს, ნაყოფიერი ტურნირი ჩავატარეთ და ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგი დავდეთ. ამით ჩვენ შევძელით და მსოფლიო რაგბს დავანახეთ თუ რა შეგვიძლია ამ პატარა ერს და კიდევ ერთხელ ვთქვით ჩვენი სიტყვა. ჩემი აზრით ტურნირზე ჩატარებული რთული თამაშებიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემ პროფესიულ წინსვლაში.

კუმირი არ მყავს, მაგრამ შემიძლია დამიან მაკენზი გამოვარჩიო. მისი თამაშით ბავშვობიდან მოხიბლული ვარ. პირადად ჩემთვის საკლუბო დონეზე როგორც Top 14, ასევე Super Rugby-ც საინტერესოა, თუმცა, პრიორიტეტად მაინც Top 14 ითვლება.

მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან საინტერესო თამაშები გველის. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - ჩატარებული კარგი ტესტ-მატჩების შემდეგ, ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი ტურნირი გველის. 

სხვა სტატიები