Belive

ალექსანდრე ფეიქრიშვილი: ,,ელიტ რაუნდში გასვლა ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ემოციური გამოდგა''.

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2023 წელს ქართულ ფეხბურთში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა შევნიშნეთ, რომელთაც პროფესიონალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი „დინამო თბილისის“ აკადემიის ფეხბურთელი, ალექსანდრე ფეიქრიშვილია.

გულშემატკივართა ფართო სპექტრისთვის ის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე გაიბრწყინა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის უკვე ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ ტურნირს კვლავაც „დინამოს“ აკადემიამ უმასპინძლა და ჩემპიონობითაც დაასრულა ასპარეზობა. ტიტულამდე ქართული გუნდი მარტივად ნამდვილად არ მისულა და გზად ისეთი გუნდების ბარიერი გადალახა, როგორებიც იტალიური „მონცა“ და „ჯენოაა“, ფინალში კი „სევილიას“ აჯობა. აღნიშნული ტურნირის გადამწყვეტი გოლი, სწორედ ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გაიტანა, რომელმაც საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

ნიჭიერმა ფეხბურთელმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა და გუნდს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

17 წლის ფეხბურთელი ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარია და ფეხბურთით დაინტერესებაზე, პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე გვიყვება.

ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე ქალაქ რუსთავში, დავით ქოქიაშვილთან და მანუჩარ მანჯავიძესთან; შემდეგ 9 წლის ასაკში თემურ უგრეხელიძემ წამომიყვანა დინამოს აკადემიაში, სადაც იმ დროისათვის მწვრთნელი იყო გიორგი შაშიაშვილი. დინამოში მომიწია ძალიან ძლიერ მწვრთნელებთან მუშაობა, რამაც დიდწილად განაპირობა ჩემი პროგრესი და ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან დღემდე აქ ვაგრძელებ ჩემს კარიერას. ზოგადად, კი შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთისადმი სიყვარული იმ დღიდან მქონდა, როცა სიარული დავიწყე.

ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა და მაქვს. როცა კი მეძლევა შესაძლებლობა სისტემატურად დავდივარ ეროვნული ლიგის თამაშებზე. მამაჩემი თავად ფეხბურთელი იყო, თუმცა ჩემი ფეხბურთით დაინტერესების მომენტში, ის უკვე აღარ თამაშობდა საქართველოში.

როგორც ვახსენე, ჩემი საფეხბურთო კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო; ჩემი მიზანი იყო და არის დინამოს ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა და შემდეგ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშის გაგრძელება. გარდა ეროვნული ლიგის თამაშებზე სიარულისა, სულ ვუყურებ უცხოეთში, სხვადასხვა გუნდებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს და სიამაყით ვივსები.

ჩემი სამომავლო გეგმები ამჟამად არის ის, რომ მოვხვდე დინამო თბილისის პირველ გუნდში, რაც ბავშვობის ოცნებაა და შემდგომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში; ხოლო დამწყებ ფეხბურთელებს ვურჩევ რომ იყვნენ დისციპლინირებულნი და ფეხბურთის თამაშით, პირველ რიგში თავად მიიღონ სიამოვნება.

ჩემი ინსპირაციის წყარო როდრი და ვინისიუს ჟუნიორი არიან. მაქვს იმის სურვილი რომ ვითამაშო ისეთი მაღალი დონის ფეხბურთი, როგორსაც ისინი თამაშობდნენ.

ვიტალი დარასელიას ტურნირმა ბევრი დადებითი მოგონება დამიტოვა და ასევე საფეხბურთო კუთხით რამდენიმე ნაბიჯით წინ წამწია. დარასელიას ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაში, რომელიც ვფიქრობ რომ, დადებითად აისახება ჩემს კარიერაზე.

ელიტ რაუნდში გასვლა ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან ემოციური გამოდგა. ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამ ტურნირისთვის და იმედი მაქვს ელიტრაუნდშიც დადებით შედეგს მივაღწევთ. ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის ყველაზე ძლიერი და საპასუხისმგებლო ემოციაა. ნაკრებში თამაშის დროს უაღრესად მოტივირებული ვარ.

 

სხვა სტატიები