ლუის ენრიკე: "ითამაშებს თუ არა კვარა? ამას მატჩის დღეს გადავწყვეტთ"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის საწყის მატჩში, ატალანტასთან შეხვედრის წინ პრესკონფერენციას მართავს. მოქმედი ჩემპიონის ესპანელი მწვრთნელი ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების ამბიციას ამჟღავნებს და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ საუბრობს.
"თავს ახლა შესანიშნავად ვგრძნობ და კარგ ფორმაში ვარ. მატჩამდე გადავწყვეტ, თამაშს თვალი ტრიბუნიდან ვადევნო თუ სათადარიგოთა სკამიდან. მატჩის ტრიბუნიდან ყურება მწვრთნელისთვის მშვენიერი პერსპექტივაა. შესაძლოა, თითო-თითო ტაიმი ტრიბუნასა და სათადარიგოთა სკამზე გავატარო.
ჯერ არ ვიცით, ხვიჩა კვარაცხელია ატალანტასთან მატჩში სათამაშოდ მზადაა თუ არა. გასულ მატჩში მან წვივის ტრავმა მიიღო, ჩვენ კი არ გვსურს ფეხბურთელების რისკის ქვეშ დაყენება. მატჩის დღეს გვეცოდინება შეძლებს თუ არა თამაშში მონაწილეობის მიღებას.
ჩვენი მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგებაა. ეს რა თქმა უნდა ამბიციური განაცხადია, მაგრამ ჩვენ ამის უნარი გვაქვს", - ამბობს ლუის ენრიკე.
პსჟ ატალანტას 17 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.