Belive

ლუის დე ლა ფუენტე: "საქართველოს ნაკრები განვითარდა - რთულ მატჩს ველოდებით"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ, კომენტარი გააკეთა.

"ფურია როხას" ხელმძღვანელმა, თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული პრესკონფერენციის დროს მოახლოებული შეხვედრის პერიპეტიებზე ისაუბრა.

"მძიმე მატჩს ველოდებით. საქართველოს ნაკრებთან ბოლო ორი სტუმრად ჩატარებული მატჩი ესპანეთისთვის საკმაოდ რთული გამოვიდა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ და ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის რწმენა და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოდან გამარჯვებულები დავბრუნდებით.

რა თქმა უნდა, საქართველოს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელიც იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ ინდივიდუალურზე მეტად, მნიშვნელოვანი გუნდური სულისკვეთებაა, რა მხრივაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საკმაოდ მძლავრად იმუშავა და გამართული გუნდის ჩამოყალიბება შეძლო.
საქართველოს ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე, მათ შორის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების დონეზე, თვალს ვადევნებდი და ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ საქართველოს ახლა შესანიშნავი თაობა ჰყავს, შესაძლებელია ისტორიაში საუკეთესოც კი", - თქვა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

 

სხვა სტატიები