"ლოგოს აკოცა და მესტალიას ემშვიდობება" - ესპანური მედია მამარდაშვილზე საუბრობს
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს. eldesmarque-ის ცნობით, 23 წლის ქართველი მეკარისთვის "მესტალიაზე", "ჟირონასთან" (1:3) წაგებული შეხვედრა "ვალენსიას" ფეხბურთელის სტატუსით დასკვნითი აღმოჩნდა.
აღნიშნული მედია საშუალება იმის შესახებ საუბრობს, რომ ქართველი მეკარე 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს აუცილებლად დატოვებს.
"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" მისვლის შემდეგ ფუნდამენტური რგოლი გახდა. თავდაპირველად ის სარეზერვო გუნდში მიიყვანეს, მაგრამ თავი გამოიჩინა, მთავარ გუნდში მოხვდა და დღეს ლა ლიგისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი მისამართით დაინტერესება ევროპის ელიტარულ გუნდებს აქვთ.
რამდენიმე დღის წინ, გიორგი მამარდაშვილმა თქვა, რომ "ვალენსიაში" თამაშის გაგრძელება სურს, თუმცა ყველაფერი მხოლოდ მასზე დამოკიდებული არ გახლავთ. გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ კორეამ აღნიშნა, რომ ისინი ბედნიერები არიან, რადგან "ვალენსიას" ფეხბურთელებს მთელს მსოფლიოში თვალს ადევნებენ.
გიორგი მამარდაშვილი ყველას უყვარს და "ვალენსიას" გულშემატკივრებს მისი შენარჩუნება სურთ, მაგრამ ზაფხულამდე ლოდინი მოგვიწევს. საფინალო სასტვენის შემდეგ მან "ვალენსიას" ლოგოს აკოცა.
მიუხედავად იმისა, რომ სამი გოლი გაუშვა, ქართველ მეკარეს "ჟირონასთან" მატჩში კარგი მოგერიებები ჰქონდა. მას მთლიანობაში, ძალიან კარგი სეზონი აქვს და მოსალოდნელი გოლის ინდექსით (XG) 9.7 პოტენციური გოლი მოიგერია და ამ მაჩვენებლით ლა ლიგაში საუკეთესო მეკარეა", - წერს eldesmarque.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 36 მატჩში 39 გოლი გაუშვა, 13-ჯერ კი კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.