Belive

ლევან კუტალია: "იმედგაცრუებული ვარ - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ?"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერევნის "ალაშკერტის" ქართველი თავდამსხმელი, 34 წლის ლევან კუტალია, ოქტომბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კვლავაც ვერ მოხვდა, რასაც სოციალურ ქსელში შემდეგნაირად გამოეხმაურა: 

"გამარჯობათ მეგობრებო. მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ გამაქვს გოლები სხვადასხვა ჩემპიონატებში, რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ - კვლავ უყურადღებობა, იგნორირება.

რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ მაინც, შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო, მაგრამ ისევ იგნორი.

დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემს მიმართ რასაც აკეთებენ. არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ? ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემს შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა????!! პ.ს. მინდა წარმატებები ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს ლევან კუტალია სოციალურ ქსელში.

ლევან კუტალია სომხურ გუნდში 2023 წლის ზაფხულში გადაბარგდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის ამ მომენტისთვის 10 გატანილი გოლით სომხეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

ეროვნული გუნდი ოქტომბრის თვეში ორ მატჩს ჩაატარებს: 12-ში ტაილანდთან ამხანაგური დუელის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი 15 რიცხვში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები