კიდევ ერთი ქართველი ლა ლიგაში | საბა საზონოვი მადრიდულ გუნდს უახლოვდება
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი კარიერას ლა ლიგის წარმომადგენელ ხეტაფეში გააგრძელებს.
Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმება უკვე გავლილია, ტრანსფერის დეტალები შეთანხმებულია და ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდთან 1+1 სისტემით კონტრაქტს გააფორმებს.
საბა საზონოვის დამატება ხოსე ბორდალასის გაწვრთნილ გუნდს შარშან ზაფხულშიც სურდა, მაგრამ ტრანსფერი ბიუროკრატიული პრობლემების გამო ჩაიშალა.
24 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონებში ტორინოში ირიცხებოდა, მაგრამ სათამაშო დროის პრობლემა ჰქონდა.
მადრიდულმა გუნდმა ლა ლიგაში ერთ-ერთი ისტორიული სეზონი ჩაატარა და მეშვიდე ადგილის დაკავებით კონფერენს ლიგის საგზური გაინაღდა.
ხოსე ბორდალასს ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. 2021 წელს, ვალენსიაში, გიორგი მამარდაშვილის მთავარ გუნდში დაწინაურება სწორედ გამოცდილი ესპანელი სპეციალისტის დროს მოხდა.