ლაშა ოდიშარია: "გალათასარაისთან გოლი ისეთი მომენტია, როგორზე ოცნების გამოც ფეხბურთის თამაში დავიწყე"
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბს, ლაშა ოდიშარიას უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩი ბრწყინვალე გამოუვიდა. მისი და ლუკა სილაგაძის ლატვიურმა "რფს-მა" ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ "გალათასარაისთან" ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა (2:2) და ქულის მოპოვება მოახერხა.
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა სწორედ 21 წლის ქართველმა ნიჭიერმა შემტევმა მოახერხა, რომელმაც ჩვენთან საუბარში ეს კარიერის ერთ-ერთ იმ მომენტად დაასახელა, რის გამოც ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა. ლაშა ოდიშარიამ ჩვენთან ინტერვიუში სხვა ბევრი საინტერესო თემის შესახებაც ისაუბრა.
გილოცავ ევროპა ლიგაზე გატანილ გოლს. არის თუ არა ეს შენს კარიერაში ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი?
მადლობა! ევროპა ლიგაზე გატანილი გოლი "გალათასარაის" კარში ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში. სადებიუტო გოლის გატანა ევროპულ ტურნირზე ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო გახლავთ. ეს მომენტი ყოველთვის გამორჩეულად მემახსოვრება, რადგან სწორედ ასეთ მატჩებზე და გოლებზე ვოცნებობდი კარიერის დასაწყისში.
ლატვიის წარმომადგენელი გუნდი რანგით მეორე ევროპული ტურნირის ჯგუფში თამაშობს და იქაც თავს წარმატებულად წარმოაჩენს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი გუნდისთვის, ქალაქისა და ქვეყნისთვის?
"რფს-ის" გასვლა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნამდვილად ისტორიული მოვლენაა როგორც გუნდის, ასევე მთელი ლატვიური ფეხბურთისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა ქვეყნის გუნდმა შეძლო დიდ ევროპულ ტურნირზე თამაში, ასეთი შედეგები კი საერთაშორისო დონეზე უფრო მეტ ყურადღებას და დაინტერესებას გამოიწვევს.
ევროპა ლიგაზე "გალათასარაისთან" მოპოვებული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ფორმატით 24 გუნდს ეძლევა შანსი შემდეგ ეტაპზე გასვლის და შესაბამისად, ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობ, რამდენად დაგეხმარებათ ეს მატჩი ფსიქოლოგიურად და რა შანსი გაქვთ, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე გასვლაზე იფიქროთ?
"გალათასარაისთან" მოპოვებული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო ცხრილისთვის, ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან ასეთი თამაშის შემდეგ თავდაჯერებულობა და მოტივაცია იზრდება, რაც დაგვეხმარება სხვა შეხვედრებში უკეთ ვითამაშოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად კარგი შედეგები ვაჩვენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
შესარჩევ ეტაპზე ლაშა დვალის "აპოელს" შეხვდით, როგორი გრძნობაა საერთაშორისო დონეზე ქართველი მცველის პირისპირ თამაში?
ლაშა დვალის პირისპირ თამაში ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული გამოცდილებაა. როდესაც საერთაშორისო დონეზე თანამემამულეს ეთამაშები, ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს. ლაშა ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი ფეხბურთელია და მისი გამოცდილება მოედანზე ნამდვილად იგრძნობა.
გუნდში ლუკა სილაგაძეც შემოგიერთდათ, მისი მოსვლის შემდეგ, ქართველ თანაგუნდელთან ერთად თამაში, ალბათ უფრო მეტ კომფორტს გიქმნის?
როცა ლუკას მოსვლის შესახებ გავიგე, ძალიან გამიხარდა, რადგან ქართველი ფეხბურთელის გვერდით თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ის ნიჭიერი და გამოცდილია, რაც ჩვენი გუნდის თამაშს უფრო აძლიერებს.
"რფს-მა" ჩემპიონატში დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა და გუნდი მორიგ ტიტულს უახლოვდება, როგორ მიმდინარეობს საჩემპიონო ბრძოლა და რამდენად დიდი კონკურენციაა ლატვიის ჩემპიონატში?
ჩემპიონატს ერთპიროვნულად ვლიდერობთ, ასევე თასის ფინალში ვართ, რაც ჩვენი გუნდის შრომის და ერთიანობის შედეგია. საჩემპიონო ბრძოლა დაძაბულია, რადგან "რიგას" და "ვალმიერას" სახით ძლიერი კონკურენტები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ საწყის პოზიციაზე ვართ, მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან ყოველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებზეც უნდა გკითხო, მოლდოვასთან მატჩში 3 საგოლე პასი გააკეთე, არის ეს შენს კარიერაში საუკეთესო მატჩი? რაც შეეხება თავად ნაკრებს, ისტორიული შანსი გვაქვს, რომ ტურნირზე ზედიზედ მეორედ გავიდეთ, თანაც ახლა შესარჩევი ეტაპის მეშვეობით. როგორ აფასებ შანსებს? ამ თვეში ორი უმნიშვნელოვანესი და ალბათ გადამწყვეტი მატჩი გველოდება, როგორ ემზადებით ამ შეხვედრებისთვის, როგორია განწყობა და მოლოდინი შვედეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის?
მოლდოვასთან მატჩში სამი საგოლე პასის გაკეთება ნამდვილად შესანიშნავი მომენტი გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ეს ერთი-ერთი საუკეთესო მატჩია ჩემს კარიერაში.
რაც შეეხება ნაკრებს, ნამდვილად ისტორიული შანსია, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით. ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგად დაწყებული საქმე წარმატებამდე მივიყვანოთ.
სულ რამდენიმე დღეში ორი გადამწყვეტი მატჩი გველოდება: ერთი შვედეთში და მეორე ქუთაისში, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან, გუნდში პოზიტიური განწყობაა, ყველანი მოტივირებულები ვართ და ორივე შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით.