Belive

კონფლიქტი ლიონის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის: ლაკაზეტი, ტოლისო და მატიჩი ფონსეკას უპირისპირდებიან

7 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გუნდში, ლიონის "ოლიმპიკში" გარკვეული პრობლემებია.

როგორც ევროპული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უეფას ევროპა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დრამატულ ორმატჩიან დუელში წაგების და ლიგა 1-ის 30-ე ტურში, რონის დერბიში "სენტ-ეტიენთან" (1:2) მარცხის შემდეგ გუნდის შიდა სამზარეულოში ვითარება დაიძაბა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ გამოცდილი ფეხბურთელები, კაპიტნები და გუნდის ლიდერები, მაგალითად ალექსანდრ ლაკაზეტი, კორენტინ ტოლისო, ნემანია მატიჩი და სხვები მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არიან. კერძოდ, ისინი მათ ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელების, გიორგი მიქაუტაძის, რაიან შერკის, მუსა ნიახატეს და სხვების დაყენებას აპროტესტებენ.

გამოცდილი ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში ავტორიტეტის მოპოვებას ცდილობს და ამიტომ, ვეტერან ფეხბურთელებს არ ენდობა.

ნემანია მატიჩი პროტესტს თავის ძველ გუნდთან, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვედრის გამო გამოთქვამს და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში, პოლ აკუოკუს დაყენებას არ ეთანხმება, ეს კი ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტს იწვევს.

"ლიონს" სეზონის დარჩენილ ნაწილში მთავარი გამოწვევა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლების მოპოვება აქვს. 30 ტურის შემდეგ "ლიონს" 51 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "ლილთან" სხვაობა კი 2 ქულაა. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრების 24 წლის ფორვარდის გუნდი 26 აპრილს, "რენთან" სტუმრად გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები