Belive

კონფერენს ლიგაზე ქართული კლუბების მატჩების მსაჯები ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს, რომლებიც პირველ შეხვედრებს უახლოეს პერიოდში ჩაატარებენ.

საწყის მატჩს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" და ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის "დილა" სტუმრად, შესაბამისად მალტასა და უკრაინაში ("ჰამრუნისა" და "ვორსკლას" წინააღმდეგ) გამართავს, ხოლო დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" საშინაო კედლებში ითამაშებს.

ცნობილია იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც ქართული გუნდების მატჩებს უხელმძღვანელებენ.

"ჰამრუნი" - "დინამო თბილისი"

მილოშ გიგოვიჩი 

ეროვნება: ბოსნია და ჰერცეგოვინა

ასაკი: 38

დებიუტი ბოსნიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში: 2014 წელი

FIFA-ს კატეგორიის არბიტრი: 2022 წლიდან

ბოსნიელი მსაჯი FIFA-ს კატეგორიის არბიტრის წოდებას 2022 წლიდან ატარებს, მაგრამ როგორც ბოსნიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, მისთვის ეს პროფესიაზე მეტად ჰობია, პარალელურად კი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მმართველია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ევროს მოგებას ნახულობს.

"ვორსკლა" - გორის "დილა"

ნიკოლა პოპოვი

ეროვნება: ბულგარეთი

ასაკი: 40

დებიუტი ბულგარეთის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში: 2009

FIFA-ს კატეგორიის არბიტრი: 2012 წლიდან

ბულგარელ მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია. მან 2013 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სლოვაკეთის წინააღმდეგ წაგებულ მატჩს (1:3) უხელმძღვანელა. ამ შეხვედრაში მსაჯმა ქართველ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა, კერძოდ მან გიორგი ჭანტურია და ნიკა კვეკვესკირი გააფრთხილა.

 

ქუთაისის "ტორპედო" - "აქტობე"

ჯონათან ლარდო

ეროვნება: ბელგია

ასაკი: 39

დებიუტი ბელგიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში: 2010

FIFA-ს კატეგორიის არბიტრი: 2012 წლიდან

ბელგიელი მსაჯისა და ქართული ფეხბურთის გზები აქამდე ორჯერ გადაიკვეთა. პირველად ეს 2020 წელს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა, როცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან - 0:3 დამარცხდა. იმ მატჩში ბელგიელმა მსაჯმა ქართველთა კარში პენალტი დანიშნა და ყვითელი ბარათი ანრი მექვაბიშვილს უჩვენა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ამჯერად, ჯონათან ლარდომ საკლუბო დონეზე, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2022 წელს, "საბურთალოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" მატჩზე იმუშავა, რომელიც რუმინეთში გაიმართა და სადაც მასპინძლებმა - 4:2 იმარჯვეს. ქართველთაგან გოლები გურამ გოშთელიანმა და იური ტაბატაძემ გაიტანეს. რაც შეეხება ყვითელ ბარათებს, მსაჯმა გიორგი ჯინჯოლავა, გია ჩადუნელი, ლევან ნონიკაშვილი და გურამ გოშთელიანი გააფრთხილა. ამავე დროს, ბელგიელმა მსაჯმა ქართველთა კარში მატჩის 87-ე წუთზე პენალტი დანიშნა.

"დინამო თბილისი" თავის მატჩს 25 ივლისს ჩაატარებს და ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, რაც შეეხება "დილას" (21:30) და "ტორპედოს" (21:00) ორივე მათგანი 27-ში ითამაშებს.

სხვა სტატიები