კიდევ ერთხელ: ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრებისა და "კრაკოვიას" მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
28 წლის ქართველი ფეხბურთელი ზაბრჟეს "გურნიკთან" (5:0) მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო და 53-ე წუთზე გოლის გამტანი გახლდათ. მისმა გუნდმა ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისაკენ მიმავალ გზაზე მორიგი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.
პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის მიერ შედგენილ სიმბოლურ თერთმეტეულში, კრაკოვული გუნდიდან სამი ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის ერთი ოთარ კაკაბაძე გახლავთ.
"კრაკოვიას" ამ მომენტისთვის 36 ქულა აქვს, მე-14 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას ორი საფეხურით არის მოცილებული. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ ვროცლავის "შლიონსკსს" შეხვდება.
რაც შეეხება ოთარ კაკაბაძეს, მას ამ სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული.