ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტთან მატჩში პსჟ-ს განაცხადშია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საწყის მატჩს "პსჟ" "ბრესტთან", 11 თებერვალს, სტუმრად გამართავს.
მატჩის წინ, "პარი სენ-ჟერმენმა" განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც უკვე ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირებული, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება.
"პსჟ" ორმატჩიან ორთაბრძოლაში საწყის შეხვედრას 11 თებერვალს გამართავს, საპასუხო შეხვედრას კი "პარკ დე პრენსზე" 20 რიცხვში უმასპინძლებს. "ბრესტი" და "პსჟ" ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ლიგა 1-ის მე-20 ტურში შეხვდნენ და იქ ქართველის ახალმა გუნდმა (5:2) იმარჯვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ-ს" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი "მონაკოს" 21-ე ტურში გაუტანა, ამასთან ერთად, მის აქტივში, საწყის მატჩში, "რეიმსთან" გაკეთებული საგოლე პასია.
"პსჟ-სა" და "ბრესტის" მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.