Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "მათი მატჩების ყურებით გავიზარდე, ახლა კი რეალის წინააღმდეგ ვთამაშობ - ეს შესანიშნავი დღეა"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ, "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანურ AS-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც არაერთი საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

"ნეაპოლელი ხალხის სიყვარულს სახლიდან ყოველი გასვლისას ვგრძნობ. ძალიან მადლიერი ვარ ამის. ჩვენ მათ გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით. ეს არის გრძნობა, რომელიც დამატებით ენერგიას გაძლევს. განსაკუთრებით მშვენიერი არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ქალაქსა თუ სტადიონზე მივდივართ, ნეაპოლიტანელები ყველგან ჩვენს გვერდით არიან. ისინი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ.

ხალხი მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში ზეიმობდა, მაგრამ მე მხოლოდ მაშინ მივხვდი თუ რა ლამაზია ეს ყველაფერი, როცა "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ შინ ვბრუნდებოდით და მათ მანქანებით გზა გადაკეტეს. ვერ ვიჯერებდი - ავტობუსის სახურავზე ავედით. თავზე ქუდი მეხურა, რომელსაც დღესაც სიამაყით ვინახავ.

საერთაშორისო დონეზე იტალიური ფეხბურთის დონის ზრდას ვგრძნობთ. წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ადგილი მოვიპოვეთ და წელსაც გვაქვს ძალა, რომ ევროპაში წინსვლა განვაგრძოთ.

ქართველი ფეხბურთელები ქუჩაში თამაშით გავიზარდეთ. ჩვენ გვაქვს სტილი, რომელიც შენობებს შორის თამაშისას ყალიბდება, ისეთი, როგორც ბრაზილიელებს.

პატარა ქალაქიდან ჩამოსვლის შემდეგ ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მოხვედრა? როცა საქმეში სულს დებ, შენს მსხვერპლს ჯილდო მოაქვს. მე, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელი, ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ეს ჯილდო მოვიგო.

"რეალი" ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოდის. მე მათი მატჩების ყურებით გავიზარდე, ახლა კი მათი მეტოქე უნდა ვიყო. შეუძლებელია, ასეთი დღით ბედნიერი არ იყო. ვუყურებდი და ვცდილობდი, რომ მათი თამაშისთვის მიმებაძა. ამეთვისებინა მათი ფინტები და დარტყმები. მათ შთამაგონეს.

მიყვარდა, როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს, ვუყურებდი მის თამაშებს მთელი ბავშვობა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის ერთ დღეს მე დამიკავშირდებოდა. ჩვენ ტექსტური შეტყობინებებიც გავცვალეთ. ეს პატარა ხვიჩას ოცნებას ჰგავდა.

ვინისიუსი თავის პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელია. უზარმაზარი ტალანტი. მშვენიერი იქნება მის წინააღმდეგ თამაში, ისევე როგორც მთლიანად მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ დაპირისპირება. მეტოქე გუნდს მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი და სხვები ჰყავს. მთელი გუნდის დასახელება შემიძლია. მათ დიდ პატივს ვცემთ, უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან.

"რეალი" ნახავს გუნდს, რომელიც ყველას პატივს სცემს, მაგრამ არავისი ეშინია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

"ნაპოლის" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს უთამაშია და ეს იყო დიდი მიღწევა, თუმცა ახლა უკვე ამ ეტაპის გავლაზე ვოცნებობთ. გაჩერება არ გვინდა - დრო გვიჩვენებს, თუ სადამდე მივალთ.

პირველ რიგში, ლუჩიანო სპალეტის მადლობა უნდა გადავუხადო: მან დაიჯერა ჩემი და ააფეთქა ჩემი პოტენციალი. არასდროს მექნება საკმარისი სიტყვები მადლიერების გამოსახატავად. დროდადრო ვსაუბრობთ და ის აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. რუდი გარსია დიდი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ჩვენი გუნდი ნელ-ნელა იხვეწება. ეტაპობრივად მის ტაქტიკას და ხედვას ვითვისებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ მალე მივაღწევთ ჩვენს საუკეთესო ვერსიას. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მზად არის და მოწადინებულია იმისთვის, რომ მწვრთნელის იდეებს გაყვეს.

ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია და ეს მოედანზეც ჩანს. ის ყოველთვის ხელმისაწვდომია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და მინდა მოვიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელია. ოცნება? მე მაქვს ორი: ჩემპიონთა ლიგის მოგება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში", - თქვა 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა პოპულარული ესპანური მედია საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ნაპოლი" "რეალს" 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები