Belive

ხოსე პერალესი: "საქართველომ აჩვენა, რომ ესპანეთთან პირველი მატჩი რეალობას არ ასახავდა"

5 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

2019 წელს საქართველოს ეროვნულ ლიგას რამდენიმე ესპანელი ლეგიონერი ჰყავდა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, ხოსე პერალესი გახლდათ, რომელიც "დინამო თბილისის" კარს დარაჯობდა, ამ საქმეს თავს შესანიშნავად ართმევდა, საუკეთესო მეკარეც გახდა და ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა.

30 წლის ესპანელი გოლკიპერი ამჟამად სამშობლოში, რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელ "ალკოიანოში" თამაშობს, რომელსაც 2023 წლის ივლისში შეუერთდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართული მატჩების შემდეგ ხოსე პერალესს დავუკავშირდით, შეხვედრების შეფასება ვთხოვეთ და სხვა ბევრ საინტერესო თემაზეც ვისაუბრეთ.

ამჟამინდელ სიახლეებზე საუბრით დავიწყოთ. სამშობლოში დაბრუნდი და რანგით მესამე ლიგაში თამაშობ. როგორ მიდის საქმეები შენს საფეხბურთო კარიერაში?

"სან ფერნანდოში" სამი წელიწადი გავატარე, წლევანდელი წლის ზაფხულში კი "ალკოიანოში" გადავედი. გუნდი რანგით მესამე ლიგაში თამაშობს და ცხრილის შუა ნაწილში იმყოფება. უშუალოდ მე ამჟამად ტრავმა მაქვს, მაგრამ ორ კვირაში სათამაშოდ მზად ვიქნები.

საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემოთავაზება ხომ არ გქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში განიხილავდი თუ არა?

გასულ წლებში ასეთი რამდენიმე შემოთავაზება იყო, თუმცა მაშინ არ იყო მომენტი, როცა შეიძლებოდა დაბრუნებაზე მეფიქრა. მომავალში ეს შესაძლებელია მოხდეს, რადგან ფეხბურთში მომავალი ყოველთვის ცვალებადია. საქართველოსთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, ამიტომ, რატომაც არა?

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ესპანეთში ქართველმა ფეხბურთელებმა წარმატებით გამოსვლა დაიწყეს. რა შეგვიძლია გვითხრა გიორგი ქოჩორაშვილსა და გიორგი მამარდაშვილზე, რომელთან ერთადაც შენ "დინამო თბილისში" ყოფნისას მცირე პერიოდის განმავლობაში ვარჯიშობდი?

გიორგი ქოჩორაშვილი ნამდვილი მეომარია. როცა ის "კასტელონში" თამაშობდა, მისი რამდენიმე მატჩი ვნახე.

ვფიქრობ, მას ახლა იმის შესანიშნავი შანსი აქვს, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და "ლევანტეში" კარგი თამაში აჩვენოს.

რაც შეეხება მამარდას, ახლა მას უკვე მთელი ევროპა იცნობს. სწორედ ამის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ზაფხულში მას რამდენიმე გრანდისგან შემოთავაზება ჰქონდა. "ვალენსიამ" მისი შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან მათ კარგად ესმით, თუ რამხელა როლი და აქვს გიორგის და რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა მამარდაშვილი გუნდის წარმატებისთვის.

ვნახოთ, თუ რა მოხდება შემდეგი წლის ზაფხულში. მე ბედნიერი ვარ, რომ ის კონცენტრირებულია საქმეზე, ვარჯიშზე ორიენტირდება, ყოველდღიურად უმატებს, უმჯობესდება და საკუთარი თავის უფრო უკეთეს ვერსიას გვთავაზობს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ქართული ფეხბურთი ამჟამად აღმავლობის გზაზეა. ჩვენ უკვე ისეთი ვარსკვლავი გვყავს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა და ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები ევროპის წამყვან ლიგებში თავს წარმატებულად იმკვიდრებენ. ამის ფონზე, როგორ ხედავ საქართველოს ნაკრების და მთლიანად ქართული ფეხბურთის მომავალს?

ვფიქრობ, საქართველო მალე საუკეთესო 15-20 ნაკრებს შორის მოხვედრას მოახერხებს. საქართველოს ნაკრებს ერთის მხრივ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის მსგავსი ვარსკვლავები ჰყავს, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდები ევროპულ ფეხბურთში ეტაპობრივად მკვიდრდებიან. მეორეს მხრივ, გუნდში გურამ კაშიასა და ოთარ კაკაბაძის მსგავსი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები არიან. ეს ბალანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ ნიჭიერი მოთამაშეებიდან დიდ ფიგურებად ქცევაში დაეხმარებათ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მატჩს ვუყურე. ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი მარცხი იყო, რომელსაც დადებითი მხარეც აქვს - ეს გუნდს აძლიერებს და მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს. სწორედ ასე ყალიბდება ფეხბურთელების მენტალიტეტი, რომლითაც წარმატებამდე მისვლა შესაძლებელია. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველო შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩებს როგორ შეაფასებდი. ნათელია, რომ ესპანეთის ნაკრებსაც ახალი ეპოქა ეწყება. იქნება თუ არა შენი აზრით "ფურია როხა" ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი?

ისევე, როგორც საქართველოში, ესპანეთშიც ასევე, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყალიბდება და ახალი ეპოქა იწყება.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩებს, ვთვლი, რომ "დინამო არენაზე" შემდგარი შეხვედრა რეალობას არ ასახავდა. რაც შეეხება ვალიადოლიდში გამართულ მატჩს, იქ საქართველომ აჩვენა, რომ გაცილებით მაღალი დონის ნაკრებია, ვიდრე ეს პირველ თამაშში გამოჩნდა.

იმედი მაქვს, ჩვენი ნაკრები ევრო 2024-ის მოგების ერთ-ერთი მთავარ ფავორიტი იქნება. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. შესაძლოა, ჩვენ არ გვყავს დიდი ვარსკვლავები, როგორც სხვა გუნდებს, მაგრამ გვყავს ბევრი მაღალი ხარისხის მოთამაშე, რომელთაც საერთო იდეა აამოძრავებთ.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

ასევე, მინდა საქართველოსთან მოკითხვა გადმოგცეთ. ქართველ ფეხბურთის გულშემატკივართან კარგი მოგონებები მაკავშირებს. არასდროს მავიწყდება საქართველოში ცხოვრების დროს ჩემი მისამართით არსებული თბილი დამოკიდებულება და პატივისცემა. მყავს მეგობრები და თანაგუნდელები, რომლებსაც ხშირად ვესაუბრები საქართველოსა და თბილისის შესახებ. ვინ იცის, იქნებ მომავალში ისევ ერთად მივირთვათ ხინკალი...

მადლობა ყველაფრისთვის!

სხვა სტატიები