Belive

"იღბლიანი ვარსკვლავი" - ფრანგულმა მედიამ მიქაუტაძე ტურის საუკეთესოდ აღიარა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგულმა მედია საშუალება republicain-lorrain-მა საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, ლიგა 1-ის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სათამაშო კვირის შემაჯამებელ სტატიაში, რომელშიც ყურადღება სხვადასხვა საკითხზე იყო გამახვილებული, მათ შორის ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გამოარჩიეს. ამ ნომინაციაში რჩეულად აღნიშნულმა მედია საშუალებამ გიორგი მიქაუტაძე მიიჩნია.

"მეცის" იღბლიანი ვარსკვლავი გიორგი მიქაუტაძე გახლავთ. ამსტერდამში გატარებული სეზონის პირველი, რთული ნახევრის შემდეგ, იანვარში, "მეცში" დაბრუნებულმა მიქაუტაძემ თავისი გუნდი გამოაღვიძა. გიორგიმ, გუნდს, რომელიც ლიგა 1-ს წინა სეზონის შემდეგ დაუბრუნდა, აქ დარჩენის შანსი შეუნარჩუნა.

"ლე ავრთან", სტუმრად, მის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა, "მეცს" გამარჯვება მოუტანა. ეს მისთვის გასულ სამ მატჩში მეხუთე, მთლიანად გათამაშებაში კი მეათე გოლი აღმოჩნდა. მიქაუტაძის ოსტატობის დამსახურებით, "მეცმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია", - წერს republicain-lorrain.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი 30 ტურის შემდეგ დაგროვებული 29 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით აღემატება. მომდევნო მატჩი ქართველის გუნდს 28 აპრილს, "ლილთან", საშინაო კედლებში ელოდება.

სხვა სტატიები