Belive

კაშიას და ვაისს ჩემპიონთა ლიგამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ - დვალმა კონფერენს ლიგა გაინაღდა

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდნენ.

ბრატისლავის "სლოვანმა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალის "აპოელთან" ითამაშა, საშინაო კედლებში (2:0) იმარჯვა, სტუმრად ფრედ (0:0) ითამაშა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ორივე შეხვედრაში ორივე ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა. ორივე მატჩში გურამ კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო. საპასუხო მატჩში, რომელიც 13 აგვისტოს გაიმართა, "აპოელი" მეორე ტაიმში მოედანზე 10 ფეხბურთელით გახლდათ.

შედეგად, ბრატისლავის "სლოვანმა" უკვე სამი ქვეყნის ჩემპიონს, ჩრდილოეთ მაკედონიურ "შტრუგას", სლოვენიურ "სელიეს", და კვიპროსულ "აპოელს" აჯობა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. სლოვაკური გუნდი იქ უნგრულ "ფერენცვაროშსა" და დანიურ "მიდტიულანდს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, საწყისი მატჩი დანიელებმა (2:0) მოიგეს. ასევე, "სლოვანს" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.

რაც შეეხება ლაშა დვალის გუნდს, მათ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდეს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში კი ანდორის "სანტა კოლომასა" და ლატვიურ რიგის "რფს-ს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ლატვიელებმა, რომელთა რიგებშიც ლუკა სილაგაძე და ლაშა ოდიშარია ირიცხებიან, საწყისი მატჩი (2:0) მოიგეს.

სხვა სტატიები