Belive

ჯონი ჯაგიდისი: „წარმოშობით ბერძენი ვარ, მაგრამ მთელი გულით საქართველოს ვქომაგობ და მჯერა, გავიმარჯვებთ“

1 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება.

მატჩის წინ, წარმოშობით ბერძენ და საქართველოში გაზრდილ ფეხბურთელს, ბოლნისის „სიონისთვის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს და ამჟამად, ქვემოქართლური გუნდის სპორტულ დირექტორს, ჯონი ჯაგიდისს ვესაუბრეთ.

ლუქსემბურგთან მატჩით დავიწყოთ, როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების თამაშს, განსაკუთრებით კი როგორც თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეზე მინდა გკითხოთ.

ალბათ, როგორც ყველა, ლუქსემბურგთან თამაშის შეფასებაში არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ყველა ასპექტში ვიყავით ლიდერები, თუმცა მეორე ტაიმში დაცვაში იყო შეცდომები, რომელიც შეიძლება ძვირად დაგვჯდომოდა.

ზოგადად, მიმაჩნია რომ ჩვენს ნაკრებს ცოტა უჭირს ძალების შენარჩუნება მეორე ნახევარში და დაბნეულობა იგრძნობა კრიტიკულ მომენტებში, რაც ძალიან ცუდი ფაქტორია. ამას მე მივაწერ უფრო იმ ფსიქოლოგიურ მომენტს, რომ დიდი იმედებია ამ ეტაპზე გუნდზე დამყარებული და ამას, რა თქმა უნდა, დიდი წნეხიც ახლავს.

ზივზივაძე ლუქსემბურგთან მატჩში გამორჩეული გახლდათ. საჭირო მომენტში ჩნდებოდა იქ სადაც საჭირო იყო, რაც აისახა კიდეც მის გატანილ გოლებში. ვფიქრობ, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ნაკრებში.

საბერძნეთის და ყაზახეთის ნაკრების მატჩს ხომ არ უყურეთ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე საბერძნეთის ნაკრებმა?

რა თქმა უნდა, ვუყურე საბერძნეთის ნაკრების თამაშს ყაზახეთთან. ველოდი, რომ საბერძნეთი მოიგებდა.

საბერძნეთის ნაკრები კარგი ნაკრებია, თუმცა ყაზახეთთან მოგებით ვერ შევაფასებ მათ დონეს, რადგან მეტოქე აშკარად არ იყო სათანადო საზომი.

მიუხედავად ამისა, გამოჩნდა რომ ჰყავთ კარგი ინდივიდუალისტი ფეხბურთელები. ფიზიკურად კარგად მომზადებულები არიან და ძალიან გუნდურად თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ევროპის ჩემპიონატი აქვთ მოგებული, უახლოეს წლებში კი საბერძნეთში ფეხბურთის დონე ძალიან განვითარდა.

როგორ თამაშს ელოდებით საბერძნეთთან მატჩში?

მე წარმოშობით ბერძენი ვარ, თუმცა ჩემი საფეხბურთო მოღვაწეობა მთლიანად საქართველოს უკავშირდება. ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი ვარ და მთელი გულით ვქომაგობ საქართველოს ნაკრებს. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულ თამაშს ველოდები, ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები გამარჯვებას შეძლებს. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ნაკრები ამ ეტაპზე და მგონია, რომ საბერძნეთის ხისტ თამაშს თუ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ ტექნიკურ შესაძლებლობას დაახვედრებენ და აგრეთვე ფიზიკურ ძალას, რაც ჩვენ ბიჭებსაც არ აკლიათ და რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე და გულშემატკივრების დიდი მუხტით, მათთან გამარჯვება უნდა მოვახერხოთ. ამას დაემატება საბერძნეთთან კვარაცხელიას თამაში, რაც მიმაჩნია, რომ ჩვენ გუნდს ძალიან გააძლიერებს.

საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა ვართ და გასული პერიოდის განმავლობაში გაჩენილი სკეპტიციზმი ქართული ფეხბურთის მიმართ უნდა დაირღვეს. ქართველი მაყურებელი უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს, სტადიონს, რაც გასულ წლებში ძალიან დაგვაკლდა და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უკარგავს მოტივაციას მომავალი თაობის ფეხბურთელებს და ზოგადად ყველას, ვინც ფეხბურთთან ვართ დაკავშირებული. ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან იმოქმედებს საქართველოში ფეხბურთის სამომავლო განვითარებაზე.

სხვა სტატიები