Belive

"იუვენტუსის ინტერესის დაბრუნება ან ქართული ტანდემი ნეაპოლში" - tuttosport მიქაუტაძის შესახებ წერს

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საშუალება tuttosport საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ის "ნაპოლიში" ან "იუვენტუსში" გადავიდეს.

"ევროპასა და ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის სახელმა კიდევ ერთხელ, ხმაურიანად გაიჟღერა. 2023 წლის ზაფხულში, "მეციდან" ის ამსტერდამულ გრანდში გადავიდა, მაგრამ ნიდერლანდებში განსაკუთრებულად კარგი მოგონებები არ ჰქონია და ამის გამო, იჯარით ისევ "მეცს" დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, სეზონის მეორე ნახევარში, მან ყველა საუკეთესო თვისება გამოავლინა.

გიორგი მიქაუტაძის თამაში და მისი თვისებები მნიშვნელოვანია დიდი გუნდებისთვის, მაგალითად ისეთის, როგორც "იუვენტუსია". ეჭვგარეშეა, რომ მისი თამაში და სტატისტიკა შეუმჩნეველი არავისთვის რჩება, მათ შორის "იუვენტუსისთვის", რომელსაც ქართველი ფეხბურთელის მისამართით ინტერესი შარშან ჰქონდა და ის შესაძლოა განახლდეს. მას ჯერ კიდევ სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა აკვირდებოდა, რომელიც მიქაუტაძეს თვალს კრისტიანო ჯუნტოლის ტურინში ჩასვლამდე ადევნებდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯოვანი მანა ზაფხულში, "ნაპოლიში" გადავა, შესაძლებელია მან იქ ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით, ქართული ტანდემი ჩამოაყალიბოს.

ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური თავდამსხმელი კარგად ფლობს ბურთს და მოედნის სიღრმიდან შეტევის დაწყების პოტენციალი აქვს. ის ატიპური თავდამსხმელია, რომელსაც აქვს კარგი დრიბლინგი და კლასიკურ ფორვარდთან ერთად თამაში შეუძლია. მის მრავალფეროვან უნარ-ჩვევებს, საჯარიმოს გარედან დარტყმაც ამდიდრებს", - წერს tuttosport.

ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევარი აქვს. ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები