იტალიური მედია: "კონტე იუვესთან რევოლუციას მოახდენს და კვარას როლს შეუცვლის"
იტალიური მედიის ინფორმაციით, "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსთან" სათამაშო სისტემის შეცვლას გეგმავს.
ანტონიო კონტე სეზონის სტარტზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათამაშო სქემის შეცვლას აპირებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას როლს და ფუნქციებს შეუცვლის.
"ანტონიო კონტეს სჯერა, რომ მიუხედავად კარგი შედეგებისა, მის გუნდს ჯერ სრულფასოვანი ბალანსისთვის არ მიუღწევია. ის აპირებს, რომ "იუვენტუსთან" მატჩში გუნდს თამაშის ახალი მოდელი შესთავაზოს, რის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელია მოედნის იმ ზონაში იმოქმედებს, რომელშიც გულშემატკივრები მის ნახვას მიჩვეულები არ არიან.
იმისათვის, რომ გუნდმა სრულყოფილება იგრძნოს და სკუდეტოსთვის ბრძოლა დაიწყოს, "იუვენტუსთან" გამარჯვება მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება", - წერს ultimecalcionapoli Tuttosport-ზე დაყრდნობით.
სავარაუდოდ, "ნაპოლი" პრინციპულ მეტოქესთან კვლავ სამმცველიანი ტაქტიკით (სამი ცენტრალური მცველით) ითამაშებს, წინ კი ნაცვლად 4 ნახევარმცველის, 3 შემტევისა და ერთი ცენტრალური თავდამსხმელისა, გუნდი 5 შუახაზელითა და 2 ფორვარდით ითამაშებს.
"3-5-2 სათამაშო სქემა იდეალური ვარიანტია, იმის გათვალისწინებით, რომ "კალიარისთან" მატჩში კონტემ ისეთი ცვლილებები გააკეთა, რომლითაც ცხადყო, რომ ამ სისტემის ასარჩევად ემზადება", - წერს Tuttosport.
"ნაპოლი" "იუვენტუსს" 21 სექტემბერს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლელებს ზედიზედ მოპოვებული 3 გამარჯვებით 9 ქულა აქვთ დაგროვებული და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.