Belive

ანზორ მექვაბიშვილი: "მთავარია, რომ აწეული თამასა სტაბილურად შევინარჩუნოთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, ევროპულ საფეხბურთო აუდიტორიას რამდენიმე გამორჩეული სანახაობა ჰქონდა, ერთ-ერთი კი საერთო შეფასებით, საქართველოს ნაკრების შესანიშნავი დებიუტი გახლდათ. მერვედფინალურ ეტაპზე გასვლის საქმეში და საქართველოში რამდენიმეკვირიანი საფეხბურთო ზეიმის შექმნაში ერთ-ერთი მონაწილე, ანზორ მექვაბიშვილი გახლდათ.

23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, ამჟამად რუმინულ "უნივერსიტატეა კრაიოვაში" თამაშობს, საქართველოს ნაკრებში კი უკვე 17 მატჩის ჩატარება მოასწრო. ევრო 2024-ის შემდეგ ის უკვე რუმინულ გუნდში თამაშობს და წარმატების მისაღწევად როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროპულ სარბიელზე იბრძვის. ჩვენთან ინტერვიუში ანზორ მექვაბიშვილი ბრწყინვალე ევროპულ თავგადასავალს იხსენებს და სანაკრებო წარმატების შემდეგ, ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ საუბრობს.

რამდენიმე კვირის წინ, ალბათ ყველა ბავშვის ოცნების ასრულება მოახერხე და საქართველოს ნაკრების მაისურით დიდ ტურნირზე, თანაც წარმატებით ითამაშე. როგორია გერმანული ტურნირის შენი ყველაზე მძაფრი მოგონებები?

ბავშვობიდან ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დიდ ტურნირზე მოხვედრა და იქ თამაში გახლდათ. ახლა უკვე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშით ამ ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე გავმხდარიყავი. მომეცა შანსი, რომ ყველასთვის დამემტკიცებინა, ჩემი თამაშით საქართველოსთვის რაიმე ღირებულის გაკეთება შემიძლია. დიდ სიხარულთან ერთად ეს უდიდესი პასუხისმგებლობა გახლავთ.

ეს არის დაუვიწყარი დღეები და ზეიმი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, სტაფის, მედიისა და გულშემატკივრის ერთიანობით მოვახერხეთ და მივედით იქ, სადაც ვართ.

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების ემოციებიც რომ გაგვიზიარო...

პორტუგალიასთან მატჩის დროს მქონდა განცდა, რომ მოედანზე შესვლა მომიწევდა. მართალია, უშუალოდ მოედანზე 11 ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ემოციურად ისე ვიყავი ჩართული საქმეში, თითქოს მეც ვთამაშობდი. სათადარიგოთა სკამზე ყოფნის დროს ვცდილობდი ბიჭები გამემხნევებინა და რითაც შემეძლო დავხმარებოდი, მოედანზე შესვლის შემდეგ კი მსაჯის საფინალო სასტვენს მოუთმენლად ველოდი, მხოლოდ ის მსურდა, რომ მატჩი დამთავრებულიყო და გამარჯვება გვეზეიმა.

ყვითელი ბარათის მიღების მომენტში გავიაზრე, რომ შემდეგი მატჩის გამოტოვება მიწევდა და ესპანეთთან ვერ ვითამაშებდი, რაზეც რა თქმა უნდა, გული დამწყდა. ამ რანგის შეხვედრის გამოტოვება კარგი ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველაფერი გამარჯვების სიხარულმა გადაფარა. ყველაზე დიდი ბედნიერება ის გახლდათ, რომ ტრიბუნებზე ქართველი ქომაგები იყვნენ და ზეიმის შესაძლებლობა მათთან ერთად მოგვეცა.

ევრო 2024 ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. როგორია შენი გეგმები ახალი სეზონისთვის?

სანაკრებო შეკრება ძალიან გრძელი და დამღლელი გამოდგა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად ძალიან გადაიტვირთა და დასვენება ყველას სჭირდება. მეც, ჩემმა გუნდმა 10 დღის განმავლობაში დასვენების შესაძლებლობა მომცა და შევეცადე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად დამესვენა, ძალები აღმედგინა და ახალ სეზონს სრულფასოვნად მომზადებული შევხვედრილიყავი.

გუნდში დავბრუნდი, ვითამაშე ჩემპიონატის საწყის შეხვედრაში და ახლა უკვე ევროპის კონფერენს ლიგაზე "მარიბორთან" სათამაშოდ ვემზადებით. დიდი და ისტორიული გუნდია, ბევრჯერ ჯგუფურ ეტაპზეც უთამაშია და სლოვენიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მეტოქე გვყავს, მაგრამ ვფიქრობ ამ ორმატჩიან რაუნდში ყველაფრის ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნება შეგვიძლია.

სანაკრებო წარმატება საკლუბო დონეზე ქართული გუნდებისთვის შესაძლებელია დამატებითი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდეს. რა წარმატების მიღწევა შეუძლიათ აღნიშნული ინერციით ქართულ გუნდებს?

ვფიქრობ, მეორე ოცნება, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აქვს, ევროპულ ტურნირზე ქართული გუნდის ხილვაა. სანაკრებო წარმატების შემდეგ ჯერი კლუბებზეა, ამიტომაც ვურჩევ გულშემატკივარს მივიდნენ სტადიონზე და გუნდები გაამხნევონ. შეუძლებელი არაფერია, ყველა გუნდს აქვს შანსი, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და მათ წარმატებას ვუსურვებ.

ხალხის, გულშემატკივრის მხარდაჭერის პირობებში, სწორი მიდგომითა და პროფესიონალიზმით, შედეგის დადება და საკუთარი სათქმელის თქმა ვფიქრობ ყველას შეუძლია.

გულშემატკივრის როლი ფეხბურთში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რაც გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის დროს განსაკუთრებულად კარგად გამოჩნდა. მართალია, გარეთ არ გავდიოდით, მაგრამ ჩვენი შეკრების ადგილასაც ხშირად მოდიოდნენ და სტადიონზეც ვგრძნობდით ქომაგების მხარდაჭერას. ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ ყველანი ერთად ვთამაშობდით ამ მატჩებში. ამიტომ, გულშემატკივართან ერთად ყველაფერი შესაძლებელია.

23 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებთან ერთად უკვე ორ დიდ ტურნირზე მოასწარი თამაში. ჯერ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს უკაპიტნე, შემდეგ კი ევრო 2024-ზე ისტორიულ მატჩებში მონაწილეობა მიიღე და გამარჯვების ერთ-ერთი შემქმნელი აღმოჩნდი. როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს უშუალოდ შენი და მთლიანად, თაობის შემდეგი დიდი ნაბიჯი სანაკრებო ფეხბურთში?

ვფიქრობ, ორივე ეს ტურნირი ყველა ფეხბურთელს უდიდეს გამოცდილებას მისცემს. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ მაღლა აწეული თამასა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ სტაბილურები და შევძლოთ, რომ ეს წარმატება გრძელვადიან აღმოჩნდეს. ვფიქრობ, მოახლოებულ ერთა ლიგის და შემდეგში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი იქნება მაქსიმალურად მოტივირებული და შეეცდება, რომ სულ მცირე ისეთი შედეგის ჩვენება მოვახერხოთ, როგორც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები