Belive

ჰაიდენჰაიმის ისტორია: სად გადადის ბუდუ ზივზივაძე?

4 დღის წინ ქართული სპორტი
5 წთ

2025 წელი ქართული ფეხბურთისთვის მშვენიერი ამბით იწყება: ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს!

ვინც საქართველოს ნაკრების 30 წლის თავდამსხმელის განვლილ ცხოვრებასა და კარიერას იცნობს, კარგად ხვდება, თუ ევროპის ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოხვედრამდე რა ეტაპების და დაბრკოლებების წარმატებით გადალახვა შეძლო.

ბუდუს მამის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტიდან ერთი საგულისხმო ფრაზა იკითხება: "ბუდუ ირჩევს ფეხბურთს!". ეს ყოველთვის ასე იყო, არის და მჯერა კიდევ ასე იქნება. ვისაც გსურთ ბუდუს კარიერაზე უფრო მეტი შეიტყოთ, ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან  მატჩებამდე (ევროპის 2024 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფების წინ) გამოქვეყნებული სტატიისთვის თვალის გადავლებას გირჩევთ.

ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმში" ითამაშებს და კონტრაქტიც მალე გაფორმდება. მოდით გადავხედოთ თუ რას წარმოადგენს გერმანიის საფეხბურთო მეურნეობის ერთ-ერთი უახლესი ნაყოფი და სად ვიხილავთ ქართველ ცენტრ-ფორვარდს უახლოესი პერიოდის განმავლობაში.

ჰაიდენჰაიმი, კარლსრუესგან მანქანით 2 საათის სავალ გზაზეა დაშორებული. ორივე ქალაქი, გერმანიის 16 ფედერალური შტატიდან სიდიდით მესამე, ბადენ-ვიურტემბერგში მდებარეობს. რეგიონის ცენტრალური ქალაქი შტუტგარტია და ამ ქალაქის ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდი, "კარლსრუესთან" და "ფრაიბურგთან" ერთად, მხარის უდიდეს საფეხბურთო წარმომადგენლად ითვლება. მათ გარდა სამხრეთ გერმანიის ამ მხარეში რამდენიმე საფეხბურთო გუნდი არსებობს, მათ შორის "ჰოფენჰაიმი", რომელიც საერთოდ სოფლის, სინშეიმის გუნდია და მოსახლეობა 3 ათასს ოდნავ აჭარბებს.

თავის უნიკალური ისტორია აქვს "ჰაიდენჰაიმსაც", ბავარიის საზღვართან მდებარე და 50 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქის წარმომადგენელ გუნდს, რომლის დამოუკიდებელი ისტორიაც 18 წელს ითვლის. დამოუკიდებლობაში საფეხბურთო გუნდის "ჰაიდენჰაიმ 1846-დან" გამოყოფას ვგულისხმობთ. როგორც სახელიდან ვიგებთ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუაში აქ საფეხბურთო კლუბის სახელით სპორტული საზოგადოება ჩამოყალიბდა, თუმცა ის არაერთ სახეობას, მათ შორის ცურვას, ტანვარჯიშსა და ა.შ. აერთიანებდა.

წლების განმავლობაში "ჰაიდენჰაიმმა" სახელი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ საფეხბურთო გუნდი მხოლოდ სამოყვარულო ტურნირებში მონაწილეობას სჯერდებოდა. გამონაკლისი 1970-იანი წლების მიწურული და 1980-იანი წლების სტარტია, როცა გუნდმა გერმანიის თასის საწყის რაუნდებში მონაწილეობა მიიღო.

დამოუკიდებელ საფეხბურთო გუნდად ჩამოყალიბება 21-ე საუკუნის სტარტზე იწყება, როცა გუნდი რეგიონის ობერლიგაში თამაშის უფლებას იღებს, 3 წლის შემდეგ, 2007-ში კი "ჰაიდენჰაიმი" ოფიციალურად, საფეხბურთო კლუბად დაფუძნდა. 2007 წლის 1 იანვრიდან გუნდის ახალი ცხოვრება იწყება და "ჰაიდენჰაიმი" გერმანიის საფეხბურთო პირამიდის ყველაზე დაბალი საფეხურებიდან მწვერვალისკენ სვლას იწყებს.

ეტაპობრივად, 2014/15 წლებში "ჰაიდენჰაიმი" მეორე ბუნდესლიგაში აღზევდა. გუნდმა 8 სეზონის განმავლობაში ბრძოლის, პლეი-ოფში წაგებისა და გარდამავალი ეტაპების შემდეგ, 2022 წელს, ჩემპიონის სტატუსით, ბუნდესლიგის კარიც შეაღო.

ელიტარულ ფეხბურთში სადებიუტო სეზონი იმაზე წარმატებული გამოვიდა, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა, გუნდის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი და "ჰაიდენჰაიმმა" მერვე პოზიცია დაიკავა. იმის გამო, რომ სარეკორდო ჩემპიონმა, ლევერკუზენის "ბაიერმა" გერმანიის თასიც მოიგო, კონფერენს ლიგაზე გასასვლელი კიდევ ერთი საგზური ბუნდესლიგას ერგო, რამაც "ჰაიდენჰაიმს" ევროპული ტურნირისკენ გზა გაუხსნა.

გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მინიმალური მიზანი შეასრულა და მეთექვსმეტედფინალში მოხვდა. აქ მეტოქედ გუნდს გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" ერგო.

საინტერესოა, რომ პროფესიონალურ გუნდად ჩამოყალიბების დღიდან გუნდს მხოლოდ ორი მწვრთნელი ჰყოლა: დიტერ მარკე და ფრანკ შმიდტი, რომელიც "ჰაიდენჰაიმს" 2007 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონს, პარალელურად ორ ფრონტზე ბრძოლამ სეზონის შუაში გუნდი 10 ქულით მე-16 ადგილზე მიიყვანა. ჩამორჩენა თანარეგიონელ "ჰოფენჰაიმთან" 4 ქულაა და სეზონის გადამწყვეტ ნახევარში მთავარი ამოცანა ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. სწორედ ამ საქმეში იქნება ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმის" გასაღები!

სხვა სტატიები