გვჯერა | ოთარ კიტეიშვილის პორტრეტი
2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.
ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.
ჩვენს რუბრიკაში შემდეგი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია, ის ნაკრების ნახევარდაცვის ხაზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
სახელი და გვარი: ოთარ კიტეიშვილი
ასაკი: 27 წლის
სიმაღლე: 1.73 სმ
წონა: 65 კგ
კარიერა: "დინამო თბილისი" - "რუსთავი" - "დინამო თბილისი" - "შტურმი გრაცი"
მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 34
გოლი: 2
საგოლე პასი: 3
კიტე - საიმედო ნახევარმცველი
ოთარ კიტეიშვილი პოზიციით ნახევარმცველია და კარიერა თბილისურ კლუბში, კერძოდ კი, "დინამოში" დაიწყო. კიტე ნაკრებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც როგორც ზუსტი და სწორი გადაცემებით გამოირჩევა, ასევე შეუძლია მომენტის გოლად გარდაქმნა.
საკლუბო კარიერა ოთარ კიტეიშვილმა 2011 წელს "დინამო თბილისის" აკადემიიდან დაიწყო, ორი წლის შემდეგ მთავარ გუნდში მოხვდა, მაგრამ თბილისურმა კლუბმა მისი იჯარით გაშვება რუსთავის "მეტალურგში" გადაწყვიტა, სადაც სათავე დაედო კიტეს ოფიციალურ საკლუბო კარიერას. მას დებიუტი 2014 წლის 7 მაისს ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ ჰქონდა. ოთო მატჩში სათადარიგოდან ჩაერთო და კახაბერ კაკაშვილი შეცვალა. სადებიუტო შეხვედრა მისთვის გამორჩეული იყო, რადგან მეორე გოლი სწორედ მან გაიტანა, გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა. რუსთავში ოთარ კიტეიშვილმა 17 შეხვედრა ჩაატარა.
დაბრუნება "დინამო თბილისში"
ოთარ კიტეიშვილი ნახევარი სეზონის შემდეგ რუსთავიდან "დინამო თბილისში" დაბრუნდა, სადაც უკვე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენდა. მისი თბილისური კარიერა შედეგიანი აღმოჩნდა, დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლი "დინამო ბათუმის" წინააღმდეგ გაიტანა, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, ამ თამაშში კიტეს ერთადერთი გოლის წყალობით გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. სულ დინამოელთა რიგებში მან 98 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა ტიტულების მოგება "დინამო თბილისში" დაიწყო. თავის კარიერაში პირველი ტიტული 2014/15 წლების სეზონში მოიგო, ეს საქართველოს თასი იყო, იმავე წელს ის ასევე საქართველოს სუპერთასის ტიტულს დაეუფლა. 2015/16 წლების სეზონში კი ოთარ კიტეიშვილი "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატის და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.
კიტე ინდივიდუალური ჯილდოებითაც გამოირჩევა, მან ზედიზედ ორჯერ 2015 და 2016 წლებში საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მოიპოვა. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ის 2017 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ოთარ კიტეიშვილი 22 წლის ასაკში "დინამო თბილისის" კაპიტანი გახდა, ის ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში მეორე ნახევრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საქართველოდან ავსტრიაში
ოთარ კიტეიშვილმა სამშობლოდან კარიერა ავსტრიაში, კონკრეტულად კი, გრაცის "შტურმში" გააგრძელა. ავსტრიულ გუნდს ქართველის ტრანსფერი დაახლოებით 800 000 ევრო დაუჯდა. 2018 წლის 31 ივლისიდან ქართველი ფეხბურთელისთვის ახალი გამოწვევა დაიწყო, რომელიც უკვე საზღვრებს გარეთ გაგრძელდა. ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდთან თავდაპირველად მან ხელი 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა, შემდგომში კი ეს ხელშეკრულება გახანგრძლივდა და დღემდე კიტე სტაბილურად გრაცის კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. მისი დებიუტი ავსტრიის ჩემპიონატში 12 აგვისტოს "პოლტენის" წინააღმდეგ შედგა. 2 დეკემბერს "ვოლფსბერგერის" წინააღმდეგ ოთომ "შტურმის" რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0).
სატრანსფერო ღირებულების პიკს ოთარ კიტეიშვილმა სწორედ "შტურმში" ასპარეზობის პერიოდში მიაღწია. ავსტრიულ გუნდში გადასვლიდან მალევე მისმა სატრანსფერო ფასმა 1 მილიონ ევროს მიაღწია, ცოტა ხანში კი 3 მილიონს გაუტოლდა. კიტეს სატრანსფერო ღირებულება დღესაც ანალოგიურ ნიშნულზეა.
27 წლის ქართველი ნახევარმცველი ავსტრიულ გუნდში, როგორც უკვე გითხარით 2018 წლიდან დღემდე ასპარეზობს და 130-ზე მეტ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, გოლის გატანა კი 28-ჯერ მოახერხა.
გავიხსენოთ კიტეს ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გრაცის "შტურმის" შემადგენლობაში
2023 წლის 30 აპრილს ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული ტიტულიც მოიგო და ქართულ თასებს უცხოურიც მიამატა, ის გრაცის "შტურმთან" ერთად ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა, აღნიშნულ მატჩში კიტეს გუნდმა ვენის "რაპიდი" 2:0 დაამარცხა.
26 მარტი ოთარ კიტეიშვილის დაბადების დღეა - საჩუქარი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უნდა იყოს!
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ჩემპიონატში თამაშის პერიოდში ნაკრების 19 და 21 წლამდელებში ასპარეზობდა, U19-ის 9 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო U21-ს 14 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები, ესეც მალე 2017 წელს, "დინამო თბილისში" თამაშის დროს მოხდა. ეროვნულ ნაკრებში ოთარ კიტეიშვილის დებიუტი ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის წინააღმდეგ შედგა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აქედან კი დაიწყო ქართველი ნახევარმცველის სანაკრებო კარიერა, რომელიც დღემდე წარმატებულად მიმდინარეობს.
ჯვაროსნების შემადგენლობაში ჯერჯერობით კიტეს 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩში სათადარიგოდან 11 შემთხვევაში ჩაერთო, დანარჩენ შეხვედრებში კი თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ქართველმა ნახევარმცველმა პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში 2022 წლის 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გაიტანა (ჩრდილოეთ მაკედონია 0:3 საქართველო), მეორე გოლი კი კვიპროსთან 2023 წლის 15 ოქტომბერს (საქართველო 4:0 კვიპროსი). ოთარ კიტეიშვილი, როგორც უკვე გითხარით, პოზიციით ნახევარმცველია, მაგრამ მის უპირატესობად შემტევ ნახევარმცველად თამაში უნდა მივიჩნიოთ, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე ასპარეზობს. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ, ასევე მარცხენა ფლანგის ნახევარმცველად თამაში.
და ბოლოს სათაურში ვახსენეთ და კიდევ ვიტყვით, 26 მარტი ოთარ კიტეიშვილის დაბადების დღეა. 21 მარტს ლუქსემბურგის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ შეხვედრას 26 მარტს, საბერძნეთი/ყაზახეთს შორის გამარჯვებულთან გამართავს. გამარჯვება ყველა ქართველის ოცნებაა, ოთარ კიტეიშვილისთვის კი ალბათ ყველაზე დიდი საჩუქარი.