Belive

გვჯერა | ნიკა კვეკვესკირის პორტრეტი

2 თვის წინ ქართული სპორტი
8 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ამჯერად, ჩვენს რუბრიკაში ეროვნული გუნდის გამოცდილ საყრდენ ნახევარმცველს, ნიკა კევკვესკირის პროფილს წარმოგიდგენთ.

სახელი და გვარი: ნიკა კვეკვესკირი

ასაკი: 31

სიმაღლე: 1.86 სმ

წონა: 79 კგ

კარიერა: ზუგდიდის „ბაია“ – „დინამო თბილისი“ – „ცხინვალი“ (იჯარა), - გორის „დილა“ - ბაქოს „ინტერი“ – „გაბალა“ – „ტობოლი“ - პოზნანის „ლეხი“.

მატჩი ნაკრებში: 57

საგოლე პასი ნაკრებში: 7

დღე, როცა ყველაფერი დაიწყო

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გალში დაიბადა და ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. მისი პირველი საფეხბურთო ნაბიჯები კი სამეგრელოს უკავშირდება.

მცირე ასაკიდან, განვითარებაზე მიზანმიმართულმა ზრუნვამ, რამდენიმე წელიწადში შედეგიც გამოიღო. სკოლაში კარგად სწავლა, მშვენიერი შეფასებები და ზოგადი განათლების გაღრმავება ის ფაქტორები იყო, რამაც მოგვიანებით ქართველ ფეხბურთელს მოედანზეც, სათამაშო ინტელექტის განვითარებაში ხელი შეუწყო.

იმ ასაკში, როცა ახალგაზრდები სკოლის დასრულებას უახლოვდებიან და კარიერული მომავლის განსაზღვრას იწყებენ, ნიკა კვეკვესკირისთვის ერთ-ერთი განმაპირობებელი ახალგაზრდული ტურნირი აღმოჩნდა, სადაც სამომავლო გადაწყვეტილება მტკიცედ იქნა მიღებული.

„სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ფეხბურთის თამაშის დროს ჭკუას ვიყენებდი და ამის ხარჯზე წარმატებას ვაღწევდი, თუმცა ფიზიკურად სუსტი ვიყავი და მოედანზე ვიჩაგრებოდი.

15 წლის ასაკში, უკვე ისეთი პერიოდი დგება, როცა ან აბიტურიენტობისთვის ემზადები, ან პროფესიონალური ფეხბურთისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმის დროა. მაშინ, ჩემი ასაკის ზუგდიდის „ბაიას“ გუნდი დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი, აღმოსავლეთის გამარჯვებულ გუნდს ეთამაშებოდა, სადაც ოქრი (თორნიკე ოქრიაშვილი) თამაშობდა, მთავარი ჩემპიონის გამოსავლენად ამხანაგურად შევხვდით და - 6:2 მოვუგეთ. ამის შემდეგ 17-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა და მაშინ, როცა ვთვლიდი, რომ ჩემგან პროფესიონალი ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, ამ მომენტმა მნიშვნელოვნად შემცვალა და კარიერის პირველი ნაბიჯებიც აქედან დაიწყო“ - ნიკა კვეკვესკირი

ამ წარმატებას მალე დედაქალაქში გადმოსვლა და ქვეყნის ყველაზე დიდი გუნდის, „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში ჩარიცხვა მოჰყვა.

ნიკა კვეკვესკირი: თბილისის "დინამომ" სეზონი ჩააგდო და ეს ჩვენზე მეტად  არავის სტკივა

დედაქალაქი, დინამო და ჩემპიონატში დამკვიდრება

ნიკა კვეკვესკირმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში ათეულობით მატჩი ჩაატარა, თავი 3 გოლითა და 8 საგოლე პასითაც გამოიჩინა, ითამაშა საკმაოდ კარგი ფორმაციის „ცხინვალშიც, “თუმცა საქართველოს ჩემპიონატში თავისი ძალები ყველაზე დიდი წარმატებით გორის „დილაში“ გამოავლინა. 27 მატჩში 7 გოლის გატანას და 3 საგოლე პასის გაკეთებას, ასაკობრივ ნაკრებში ბრწყინვალე თამაშს და ესპანეთის ნაკრების კარში ბურთის გატანას, ნაკრებში გამოძახება და კახა ცხადაძის მერ გამოცხადებული ნდობა მოჰყვა, შემდეგ კი ლეგიონერის სტატუსის მორგებისა და აზერბაიჯანში გადაბარგების დროც დადგა.

ნიკა კვეკვესკირის შეძენა აზერბაიჯანულ, დანიურ, ბერძნულ და კვიპროსულ კლუბებს  სურთ

ჩაშლილი „სარაგოსა“, მეზობლად აზერბაიჯანში და ყაზახეთში კაპიტანთან ერთად

ჯერ ბაქოს „ინტერი“ იყო, შემდეგ კი „გაბალა“. ეს ის გუნდია, რომელიც 1995 წელს დაარსდა, 21-ე საუკუნეში კი ცვლილებები განიცადა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კარიც 2005 წელს შეაღო. მიუხედავად პატარა ასაკისა, „გაბალამ“ მოახერხა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ორჯერ მოიპოვა. ამ დიდი წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ნიკა კვეკვესკირიც გახლდათ.

აზერბაიჯანიდან ნიკა კვეკვესკირის კარიერა ყაზახეთის ჩემპიონატში გაგრძელდა. „ტობოლი“ ის გუნდია, რომლის შემადგენლობაში ჯაბა კანკავა ირიცხებოდა.

ოღონდ, ვიდრე ყაზახეთის ჩემპიონატში წასვლაზე ვისაუბრებთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი. ნიკა კვეკვესკირის კარიერა შესაძლოა გაცილებით სხვა მიმართულებით განვითარებულიყო და მას ესპანეთში, ლა ლიგაში ეთამაშა. საქმე თითქმის მოგვარებული იყო და 2011/12 წლების სეზონში ქართველი ფეხბურთელის „სარაგოსაში“ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო. იმდენად, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი „დინამო თბილისში“ თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა გააცილეს, მაგრამ ლა ლიგის გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ტრანსფერი ვერ შედგა. მოკლედ, კვეკვემ გეზი ყაზახეთისკენ აიღო და ამ ქვეყნის ერთ-ერთ ტიტულოვან და წარმატებულ გუნდს, „ტობოლს“ მიაშურა. როგორც გითხარით, იქ ეროვნულ გუნდში, 100 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი დახვდა.

დუეტი, რომელიც როგორც „ტობოლის“, ისე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნახევარდაცვის ზონაში სტაბილურობის გარანტი მრავალი წლის განმავლობაში იყო, მოედანზე თუ მის მიღმა ერთმანეთს იდეალურად ავსებს.

ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" ყაზახეთის თასს 1/2-ფინალში  გამოეთიშა

ყაზახური თავგადასავალი 2021 წლის იანვარში დასრულდა და იქიდან პირველი მაღალი დონის ევროპული გამოცდილების დროც დადგა.

“MISTRZ! MISTRZ! KOLEJORZ!”

ამ გუნდს 21-ე საუკუნეში გამორჩეულად კარგი პერიოდი უდგას და ტიტულების დიდი ნაწილიც სწორედ თანამედროვე ეპოქაში მოიგო. ჩემპიონის (8), თასისა და სუპერ თასის საერთო ჯამში 19 ტიტული და ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მთლიანობაში ხუთჯერ თამაში, ეს ის ძირითადი რეგალიებია, რაც „ლეხს“ პოლონური თუ ევროპული ფეხბურთის მასშტაბით გამოარჩევს. ხოლო ნიკა კვეკვესკირი, ამ გუნდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდში ნახევარდაცვის რგოლში წამყვან მოთამაშედ გამოჩნდა და წარმატებაც გაიზიარა.

“ნიკა იმ ყაიდის საყრდენი ნახევარმცველია, რომელიც მოედნის ბრწყინვალე ხედვით, შესანიშნავი გრძელი პასით და ლამაზი თამაშით გამოირჩევა. შესაძლებელია ეს მის სტატისტიკაში, უშუალოდ გოლებსა და საგოლე გადაცემებში არ აღიბეჭდება, მაგრამ კვეკვე ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდის თამაშს თავისი ბრწყინვალე პასებით აჩქარებს და მეტოქის საჯარიმოში საკვანძო პასებს აკეთებს, რაც სახიფათო ეპიზოდების შექმნას იწვევს. განსაკუთრებით დასაფასებელი არის ის ხარისხი, ბრძოლისუნარიანობა და ერთგულება, რომელსაც ნიკა კვეკვესკირი გუნდს აძლევს“, - ამომბს „ლეხის“ გულშემატკივართა დაჯგუფების წარმომადგენელი, იაკუბ კორტილა ჩვენთან ინტერვიუში.

მართლაც, ხარისხი, ერთგულება და ბრძოლისუნარიანობა არის ის, რაც ქართველ ფეხბურთელს „ლეხის“ ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. ამჟამად, „ლეხი“ პოლონეთის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და სატურნირო ცხრილში, ლიდერთა შორის იმყოფება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერაში მეორედ პოლონეთის ჩემპიონობას უახლოვდება, პირველი კი მისთვის და თავად „ლეხისთვის“ საიუბილეო გამოდგა.

„მნიშვნელოვანია, რომ ნიკა კვეკვესკირი“ ჩვენს გუნდს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და სიმბოლურ დროს, 2021 წლის იანვარში შეუერთდა. შემდეგ სეზონში გუნდმა 100 წლის იუბილე აღნიშნა, რასაც თან ჩემპიონობა დაერთო, ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ნიკა კვეკვესკირია“, - აღნიშნა „ლეხის“ ქომაგმა ჩვენთან საუბრისას.
ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა | belive.ge

დღეს პოლონეთის ერთ-ერთი ისტორიული და ტიტულოვანი გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი ქართველია, რომელსაც ამ გუნდში კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს და სამომავლოდაც პოზნანელი ქომაგების გახარებას აპირებს.

"ამ გუნდში ჩემი თავგადასავალი მარტივად არ დაწყებულა, მაგრამ ეტაპობრივად გუნდში თავი დავიმკვიდრე და საკუთარი ღირებულების წარმოჩენა შევძელი. გავხდი ფანტასტიკური გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე. ეს ტიტული განსაკუთრებული იყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ „ლეხისა“ და გულშემატკივრებისთვის გამორჩეულ წელს მოვიგეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ამის გამო დიდი სიამაყე ვიგრძენით.
ჩემპიონის ერთი ტიტულით კმაყოფილი არ ვარ, მინდა პოლონეთში მეტი თასი მოვიგო და ღირსეულად წარმოვაჩინო "ლეხი" ევროპაში. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი", - ნიკა კვეკვესკირი
ნიკა კვეკვესკირი და ლეხი: თანამშრომლობა გრძელდება! | Lelo.Ge

მე ვარ საქართველო

ეს პირველად კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით,, 2015 წლის 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მოხდა. მეტოქე უძლიერესთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებოდა, თუმცა იმ მატჩში გიბრალტარს ოთხი უპასუხო გოლი გავუტანეთ: იმხანად ჩვენი გუნდი შეტევაში კარგი თამაშით და ბევრი ბურთის გატანით ნამდვილად არ გამოირჩეოდა და ხასიათის გამოსაკეთებლად, მშვენიერი თამაში გამოვიდა.

ნიკა კვეკვესკირი ახალი გუნდის შენებისა და თაობათა ცვლის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი აღმოჩნდა. არის რაღაცები, რაც სტატისტიკაში არ გამოიხატება და არც მოედანზე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. თუმცა, გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნასა და ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია.

ცვლილება იწყება ჩემით!

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, არ ველოდები სხვას!

ყოველდღე ვიქნები უკეთესი, ვიდრე გუშინ!

ვამაყობ წარსულით, ჩემი ადგილი მომავალშია!

ძალა მაშინ არის ჩემში, როცა მე არ ვზოგავ თავს: ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებ, თუ დავამარცხებ სისუსტეს ჩემში!

საქართველოს ნაკრების ერთგულ ქომაგს ეროვნული გუნდის ჰიმნის ეს მონაკვეთები კარგად ახსოვს და ალბათ სიმბოლურია, რომ ამ სიტყვებს სწორედ ნიკა კვეკვესკირი ახმოვანებს. კაცი, რომელმაც ეროვნული ნაკრების კარგი და რთული პერიოდები უშუალოდ მონაწილის სტატუსით გამოიარა და თაობების ოცნებათა ასრულებასთან ერთ ნაბიჯშია.

დაე, ეს მომავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატით დაიწყოს!

Image 60

სხვა სტატიები