Belive

იტალიური მედია: "ნაპოლი კვარაცენტრული ხდება"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

25 ივლისს, ანტონიო კონტეს დანიშვნის შემდეგ, ნაპოლიში პირველი სრულფასოვანი სადებიუტო ვარჯიში შედგა. გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიმღები ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი დი ლორენცო.

აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია იტალიურ მედიას, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობს გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე, დაგეგმილ სიახლეებსა და ახალი სეზონის პროექტზე, . ჟურნალისტები ვარჯიშის გარკვეულ ნაწილს ესწრებოდნენ, რომელიც მედიისა და გულშემატკივრებისთვის ღია გახლდათ. ფეხბურთელები ქომაგებს შეხვდნენ და ხელმოწერები დაურიგეს. პოპულარული მედია საშუალება Gazzetta dello Sport კი ვარჯიშის შემდეგ ინფორმაციებს ავრცელებს, სადაც მთავარი ნარატივი ის გახლავთ, რომ ახალი გუნდის საკვანძო ფიგურა სწორედ საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი იქნება.

"ახლა ყველა თვალი ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიმართული, ისე, როგორც არასდროს. ის ახალი გუნდის საკვანძო ფიგურა უნდა გახდეს და მათ შორის ვიქტორ ოსიმენის ფუნქციებიც შეითავსოს, რადგან ვარჯიშზე დაკვირვების შედეგად ნათელი ხდება, რომ უდიდესი ალბათობით, ნიგერიელი გუნდს შეიცვლის. ახლა ხვიჩა კვარაცხელიაა ის ფეხბურთელი, რომელიც ანტონიო კონტეს ტაქტიკურ მონახაზში შეტევის მთავარ დასაყრდენად უნდა იქცეს. მისი დრიბლინგები, ეფექტურობა, გოლები და საგოლე პასები "ნაპოლის" წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი გასაღები იქნება.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ორი ლიდერი ერთმანეთს საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა. მათ ირგვლივ გასული პერიოდის განმავლობაში უამრავი სატრანსფერო ჭორი დადიოდა, გუნდის ხელმძღვანელობამ კი ანტონიო კონტეს თითქმის დადასტურებულად მისცა პირობა, რომ ისინი გუნდის ღერძებად დარჩებიან.

აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, რომ გადადგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება ყოველწლიურად 5 მილიონ ევროზე მეტი გახდეს. ეს გაუმჯობესებული კონტრაქტის პირობებით იქნება შესაძლებელი, რომელიც 2029 წლამდე გაფორმდება", - წერს მილანში დაფუძნებული მედია საშუალება.

ქართველი ვარსკვლავი ნეაპოლურ გუნდში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და მას შემდეგ, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მესამედ იტალიის ჩემპიონობა მოაგებინა. საერთო ჯამში ჩატარებულ 88 ოფიციალურ მატჩში მის აქტივში 25 გოლი და 26 საგოლე პასია.

სხვა სტატიები