Belive

გვჯერა | "ნიჭიერი ერი ვართ და დროა დიდ ტურნირზე ვითამაშოთ" - ლაშა სალუქვაძე

9 თვის წინ ქართული სპორტი
6 წთ

საქართველოს ნაკრებისთვის დიდ სანაკრებო ფორუმზე მოხვედრის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაჩნდა. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, გვჯერა, ის პირველი დიდი ტურნირი იქნება, რომლის კარსაც ჩვენი ეროვნული გუნდი შეაღებს. ასეთ წარმატებასთან ყველაზე ახლოს ისტორიაში მეორედ ვართ. მიზნამდე მისასვლელად ორი ამოცანა გვაქვს დარჩენილი: საშინაო კედლებში, "დინამო არენაზე", 21 მარტს, ლუქსემბურგის ნაკრების ძლევა და შემდეგ, 26 რიცხვში, კვლავ შინ, ყაზახეთისა და საბერძნეთის ნაკრებების წყვილში გამარჯვებულთან მოგება.

მოახლოებული უმნიშვნელოვანესი სანაკრებო შეკრების წინ, belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ, ამ რუბრიკაში კი ვეტერან ფეხბურთელებთან და ჩვენი ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ინტერვიუებს შემოგთავაზებთ. სხვადასხვა თაობის წევრებთან, რომლებიც დიდ წარმატებასთან ახლოს ადრეც იყვნენ, თუმცა ამის შანსი ფეხბურთელის რანგში ვერ მიიღეს.

ამჯერად, საქართველოს ნაკრების ვეტერან მცველს, ლაშა სალუქვაძეს წარმოგიდგენთ, რომელმაც ჩვენი გუნდის მზადყოფნისა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სანამ უშუალოდ მატჩს შევეხებით, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე უნდა გკითხოთ: ხვიჩა კვარაცხელიას "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩი ელის, რომელთან თამაშის და გამარჯვების გამოცდილება თქვენ უკვე გაქვთ. როგორ თამაშს ელოდებით და თქვენი აზრით, რა შანსი აქვს "ნაპოლის" შემდეგ ეტაპზე გასვლის?

"ვფიქრობ, "ნაპოლის" საკმაოდ კარგი შანსი აქვს. "ბარსელონას" რამდენიმე ლიდერი გამოაკლდა. "ნაპოლიმ" კარგი სათამაშო ფორმა აკრიფა, რაც ყველაზე მთავარია ხვიჩა კვარაცხელია და ოსიმენი მაგრად ათამაშდნენ და ეს "ნაპოლის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შანსები თანაბარია და იმედია ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა.

ზოგადად, "ბარსელონას" სტადიონზე თამაში ძალიან რთულია. მართალია, ახლა სხვა სტადიონზე თამაშობენ, მაგრამ კატალონიაში ყოველთვის ძალიან მაგარი ატმოსფეროა. ამ სირთულეების გადალახვა მარტივი არ იქნება, მაგრამ იმედია "ნაპოლი" ამის გაკეთებას მოახერხებს. ეს ატმოსფერო ფეხბურთელისთვის მამოტივირებელი და დამატებითი ენერგიის შემმატებელია. ასე რომ, კარგი თამაში გველოდება.

ლაშა სალუქვაძე: ერთ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი... მჯერა, დღე-დღეზე რაღაც  გამოჩნდება

თანაც, "ნაპოლის" ათამაშება და კვარასთვის სეზონის საუკეთესო ფორმაში შესვლა ერთმანეთს დაემთხვა. ალბათ, "ნაპოლისთვის" ესეც დამატებითი უპირატესობაა.

უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, პირველ მატჩებში ფრანჩესკო კალცონა მას ნაადრევად ცვლიდა, მაგრამ ასეთი რამ თავიდან ლუჩიანო სპალეტისაც გაუკეთებია. მთავარია, რომ კვარა ბრწყინვალე ფორმაშია, ჯადოქრობს და მაგარ ფეხბურთს აჩვენებს, განსაკუთრებით სასიხარულო კი ის არის, რომ ასეთ კარგ ფორმაში სანაკრებო მატჩების წინ შედის.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

დიახ, თუმცა ლუქსემბურგთან ხვიჩა არ ითამაშებს. სამაგიეროდ, სხვა ფეხბურთელები ზუსტად სანაკრებო მატჩების წინ ძალიან უმატებენ. როგორ ფიქრობთ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად მზადაა ჩვენი გუნდი აღნიშნული მატჩისთვის?

მართალია, ხვიჩა კვარაცხელია ლუქსემბურგის ნაკრებთან მატჩში ვერ ითამაშებს, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენ სხვა ძალიან კარგი ბიჭები გვყავს, რომლებიც მშვენივრად თამაშობენ და ბრწყინვალე ფორმაში შედიან. მათ შეუძლიათ, რომ კვარას არყოფნით გამოწვეული დანაკლისი შეავსონ. ვფიქრობ, ბიჭებს ლიდერის არყოფნის გამო ფსიქოლოგიური წნეხი არ ექნებათ და პირიქით, უფრო მეტი მოტივაციით ითამაშებენ, რომ ეს მატჩი მოიგონ და შემდეგ უკვე, ფინალში, კვარასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზურს შევუტიოთ.

გასაგებია, რომ ლუქსემბურგის ნაკრები გასულ წლებში საკმაოდ პროგრესირდა და მოძლიერდა. ეს ის ძველი ლუქსემბურგის ნაკრები ნამდვილად აღარ არის, თუმცა, ამ მატჩში რამდენიმე ლიდერი მათაც დააკლდებათ.

ჩვენ საშინაო კედლების უპირატესობაც გვაქვს. პირველად, როცა ასეთი შანსი გვქონდა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან დავმარცხდით, მაშინ ტრიბუნები ცარიელი იყო, ახლა კი სულ სხვა რეალობაა. ყველა ბილეთი გაყიდულია და "დინამო არენაზე" ძალიან კარგი ატმოსფეროს მოლოდინი გვაქვს. ხალხშიც, ამ მატჩის წინ დიდი მუხტია და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასიხარულო შედეგით დასრულდება.

საქართველო 4:0 კვიპროსი

ისტორიულ წარმატებასთან ახლოს ვართ, თუმცა, გარდა უშუალოდ ამ ტურნირზე მოხვედრისა, რა დამატებითი წარმატების მოტანა შეუძლია, ევრო 20204-ზე თამაშს?

გარდა იმისა, რომ უშუალოდ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოვხვდებით და ეს ერთჯერადად ძალიან კარგი ამბავია, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ეს ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და წინსვლისკენ მიმავალი ნაბიჯი იქნება.

ინდივიდუალური კუთხით ევროპის ჩემპიონატზე თამაში თავად ფეხბურთელებისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის ახალი, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, რომ ფართო მასშტაბებზე გავიდეს.

ასეთი ხელშესახები შედეგი, მაგალითი იქნება როგორც ფეხბურთის ახალი თაობისთვის, ისე მთლიანად ახალგაზრდობისთვის. მგონია, რომ საქართველო და მთლიანად, ქართველი ხალხი, ძალიან ნიჭიერი ერია. სპორტის ყველა სფეროში ძალიან დიდი წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული, მათ შორის ფეხბურთში, თუმცა სანაკრებო დონეზე დიდ ევროპულ ფორუმზე მოხვედრა გვაკლია და ახლა ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვაქვს. მჯერა, გავიმარჯვებთ და ისტორიულ წარმატებას მივაღწევთ!

Image 4

სხვა სტატიები