Belive

გვჯერა | გიორგი მიქაუტაძის პორტრეტი

9 თვის წინ ქართული სპორტი
8 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ამჯერად, ამ რუბრიკაში ადგილს საქართველოს ნაკრების თავმდამსხმელს გიორგი მიქაუტაძეს დავუთმობთ.

სახელი და გვარი: გიორგი მიქაუტაძე

ასაკი: 23 წლის

სიმაღლე: 1.76 სმ

წონა: 71 კგ

მატჩი ნაკრებში: 22

გოლი ნაკრებში: 9

საგოლე პასი ნაკრებში: 1

სამშობლოსგან მოშორებით, ლიონში

საქართველოს ნაკრების ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, თანაც წარმატებული, როცა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სხვა ქვეყანაში აღზრდილი და ლოგიკურად, იმავე ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელმა ითამაშა, სწორედ გიორგი მიქაუტაძეა.

გიორგი მიქაუტაძის ოჯახმა ემიგრაციაში წასვლა 1990-იანი წლების მიწურულს, ქვეყანაში არსებული ურთულესი ფონის დროს გადაწყვიტა და „ჟორჟიც“ როგორც მას საფრანგეთში უწოდებენ, ისტორიულ ქალაქ ლიონში დაიბადა. საფრანგეთის ეს ულამაზესი ქალაქი ძირითადად ბრწყინვალე გასტრონომიული მიღწევებით და არქიტექტურული შედევრებით გამოირჩევა, თუმცა არც საფეხბურთო ტრადიციების სიმწირეს უჩივის.

საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონი და უეფას ჩემპიონთა ლიგის ორგზის ნახევარფინალური ეტაპის მონაწილე გუნდია ,,ლიონი'', რომელშიც გიორგი მიქაუტაძის პირველი პროფესიონალური საფეხბურთო ნაბიჯები იწყება. თუმცა, „ლიონში“ ქართველი ფეხბურთელის კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა.

ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძე იხსენებს, რომ „ლიონიდან“ წამოსვლა მისთვის მოტივაციის წყარო აღმოჩნდა. მშობლებთან და მენეჯერთან საუბარმა, რომელიც „ლიონიდან“ გამოშვების შემდეგ შედგა, დაარწმუნა, რომ მთავარი იყო შრომა გაეგრძელებინა, დასახული მიზნისკენ ფოკუსირებულად ევლო და დისციპლინით შედეგიც მალე მოვიდოდა.

შემდეგი დიდი გამოწვევა "მეცი" აღმოჩნდა, შუაში კი ორი წელიწადი მიქაუტაძემ „სენტ-პრისტში გაატარა. ლოთარინგიის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქში.

შანსი ბელგიიდან

გარდამტეხი მომენტი ბელგია და „სერენი“ აღმოჩნდა. ეს ერთ-ერთი ძველი და ისტორიული ბელგიური გუნდია, რომელსაც ელიტარულ დივიზიონში ბევრი წელი აქვს გატარებული, მაგრამ ტიტული მათ ისტორიას ნამდვილად არ ამშვენებს და არც საერთაშორისო დონეზე გამოსვლის გამოცდილებით იწონებენ თავს. ერთი სიტყვით, 21-ე საუკუნეში გუნდს ძალიან გაუჭირდა და მრავალი წელი იუპილერ ლიგის მიღმა იყო დარჩენილი, მხსნელად კი ქართველი ფეხბურთელი მოევლინა, რომელმაც რანგით მეორე ლიგაში საუკეთესო ბომბარდირის მანტია მოისხა, პარალელურად სამშობლოშიც გამოხმაურება გამოიწვია, გუნდს პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩშიც ულიდერა და დაწინაურებაში დაეხმარა. ამავე დროს, მიქაუტაძემ სამშობლოდან მოწვევა მიიღო და 2021 წლის მარტში, ეროვნულ გუნდში მისი დებიუტიც შედგა.

სამშობლო და ახალი ეტაპი!

ეროვნულ გუნდში მოწვევის მიღება, მალევე სადებიუტო გოლის გატანა (რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში) და უკვე საერთაშორისო დონეზე მიღებული ნდობა აღმოჩნდა ის ფაქტორები, რამაც მიქაუტაძეს თავდაჯერება შემატა. შემდეგ „სერენში“, ამჯერად უკვე ბელგიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში ჩატარებული მეორე სეზონი და კვლავაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოჰყვა. აი 2022/23 წლების სეზონი კი, ამ ეტაპისთვის კარიერაში საუკეთესო იყო.

„მეცში“ მხოლოდ დაბრუნება კი არა, გუნდის მთავარი ლიდერის სტატუსიც მორგებაც მალევე მოხდა. სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა: დუბლს დუბლი მოჰყვა, ჰეთ-თრიქს ჰეთ-თრიქი, შემდეგ კი სეზონის მეორე ნახევარში იმ მნიშვნელობისა და გადამწყვეტი გოლების გატანა, რომელმაც „მეცი“ საუკეთესო ორ გუნდს შორის მოახვედრა და ლიგა 1-ის საგზური გარანტირებული გახადა. ეს ყველაფერი ინდივიდუალურ წარმატებაშიც გადაითარგმნა და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.

საუკეთესო იმსახურებს საუკეთესოს

ნათელი იყო, რომ მალე ტრანსფერის დრო დგებოდა. ტრანსფერის, როგორსაც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი მონატრებული იყო, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის მიერ გაკვალულმა გზამ ეს ყველაფერი უკვე ხელშესახები და რეალური გახადა. მსურველთა სიაში ისეთი გუნდები სახელდებოდა, როგორებიც პრემიერ ლიგის, სერია A-სა თუ ლიგა 1-ის წარმომადგენლები, „ბარნლი“, „ლაციო“, „ლიონი“ და „მარსელია“.

შედეგად, სატრანსფერო საგა ნიდერლანდურ გრანდში გადასვლით შეწყდა და თავის მხრივ, „აიაქსში“ ქართული გზა გაგრძელდა. შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გაკვალულ გზას ახლა უკვე გიორგი მიქაუტაძე შეუდგა, მაგრამ საქმე ისე არ წავიდა, როგორც ამას ყველა იმედოვნებდა.

თავად “აიაქსი“ ამ პერიოდში პრობლემების კორიანტელში იყო მოქცეული. ჯერ ერთი, ამსტერდამელებმა საკუთარ იდენტობას, სატრანსფერო პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულია და მმართველობის ასევე უნიკალურ სტილს უღალატეს. ამ გაუგებრობაში კი 16 მილიონ ევროდ დამატებული გიორგი მიქაუტაძე მოხვდა, რომელმაც ჯერ ისედაც მცირე სათამაშო დრო მიიღო, რაც ითამაშა კი იმის უმეტესი ნაწილი, მისთვის სრულიად უცხო პოზიციებზე გაატარა.

აშკარად მოჩანდა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიქაუტაძე გუნდს დატოვებდა, ერთადერთი ვარიანტი კი იმ მოცემულობაში სწორედ „მეცში“ დაბრუნება გახლდათ. ასეც მოხდა, ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ დაბრუნდა. იქ სადაც უყვართ, აფასებენ, ენდობიან და მისი შესაძლებლობები ზედმიწევნით კარგად იციან. ლასლო ბოლონის ხელმძღვანელობით ქართველმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა, სანაკრებო რეკორდებიც დაეხმარა, საგოლე პასიც გააკეთა და ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში თავისი მესამე გოლიც შეაგდო, თანაც ვისთან, მშობლიურ „ლიონთან“...

სეზონის ნახევარი კიდევ წინ არის, მიქაუტაძეს, მომატების და გაუმჯობესების საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს. ცხადია, არც პერსპექტივები დააგვიანებს, ზაფხულში კი ახალი ეტაპი დაიწყება, რომელიც ქართველს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს უმზადებს.

სა ქა რთვე ლო!

სამშობლოს ნაკრებში ადაპტირება მარტივი ამბავი ნამდვილად არ ყოფილა. აქ დაბრკოლება ბევრია, პირველ რიგში ენობრივი, ასევე საფეხბურთო ფილოსოფიებსა და ქვეყნებს შორის სხვაობა. მაგრამ, მიქაუტაძემ ყველაფერს ალღო მალე აუღო და ნაკრებში ერთ წარმატებულ მატჩს მეორე მოჰყვა.

ტაილანდის ნაკრებთან მატჩი, რომელიც არაერთი ფაქტორის გამო საქართველოს ნაკრებისთვის სარეკორდო გამოდგა, ასევე განსაკუთრებული აღმოჩნდა გიორგი მიქაუტაძისთვის, რომელიც ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი პოკერის ავტორი გახდა, 22 მატჩში თავი უკვე 9 გოლს მოუყარა.

მოკლედ, თუ შორს გავიხედავთ და ეროვნულ ნაკრებს ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, გიორგი მიქაუტაძე თავისი თაობის ამომავალი ვარსკვლავია. ჰოდა, ამ ყველაფრის დასაწყისი დიდი ევროპული ფორუმი უნდა იყოს, რომლის საგზურისთვისაც საფრანგეთში აღზრდილმა ქართველმა ნიჭიერმა ფეხბურთელმაც უნდა იბრძოლოს.

სხვა სტატიები