Belive

გვჯერა | გიორგი მამარდაშვილის პორტრეტი

10 თვის წინ ქართული სპორტი
13 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ჩვენს ახალ რუბრიკაში პირველი ნომერი შესაბამისად, ამპლუიდან გამომდინარე, გიორგი მამარდაშვილი იქნება.

სახელი და გვარი: გიორგი მამარდაშვილი

ასაკი: 23 წლის

სიმაღლე: 1.97 სმ

წონა: 86 კგ

კარიერა: "დინამო თბილისი" - "რუსთავი" (იჯარა) - თბილისის "ლოკომოტივი" (იჯარა) - "ვალენსია"

მატჩი ეროვნულ ნაკრებში: 14

გაშვებული გოლი: 26

მშრალად შენახული კარი: 4

დასაწყისი

გიორგი მამარდაშვილისთვის ფეხბურთი ცხოვრების წესი ბავშვობიდან გახდა - გიორგის მამა, დავით მამარდაშვილი ვეტერანი მეკარე გახლავთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით თამაშობდა - მოგვიანებით კი, სამწვრთნელო საქმიანობით დაკავდა.

პირველი საფეხბურთო ნაბიჯები "გაგრაში" გადადგა, გუნდის დაშლის გამო კი, "დინამო თბილისის" აკადემიაში მოხვდა. გამორჩეულად ნიჭიერ თაობაში მამარდაშვილის თანაგუნდელები ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი და სხვები არიან.

"დინამოს" შემადგენლობაში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე წარმატებული თამაშის შემდეგ, გამორჩეული თაობის წარმომადგენლები მთავარ გუნდში დააწინაურეს, მაგრამ იქ სათამაშო დროის რაოდენობა მიზერული აღმოჩნდა და ბევრმა ტალანტმა თავი ეროვნული ლიგის წარმომადგენელ სხვა გუნდებს მიაშურა, გიორგი მამარდაშვილი კი ჯერ "რუსთავში", ხოლო შემდეგ თბილისის "ლომკომოტივში" აღმოჩნდა.

მამარდაშვილი კარიერას "ლა ლიგაში" განაგრძობს

ერთხელ ლოკომოტივში

"ლოკოს" მაშინდელ ბირთვს ძირითადად ის ფეხბურთელები წარმოადგენდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ გუნდში ირიცხებოდნენ: ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, დავით უბიალავა, თეიმურაზ შონია და სხვები და ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდები, ლუკა შეროზია, თორნიკე კირკიტაძე, ბექა დარცმელია, გიორგი მამარდაშვილი...

2020 წლის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. კოვიდ-პანდემიის გამო, ევროპული ტურნირების შესარჩევი შეხვედრები ერთმატჩიანი ფორმატით ტარდებოდა და მასპინძელიც წილისყრის მეშვეობით ირკვეოდა.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლოკომოტივს" რუმინული "უნივერსიტატეა კრაიოვა" შეხვდა და საკმაოდ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, მეორეზე რუსულ მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა. გიორგი მამარდაშვილის ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და მენტალური ხასიათის შტრიხები და ის თუ როგორი ფეხბურთელი გახდებოდა, "კრაიოვასთან" მატჩში საკმაოდ კარგად გამოჩნდა.

"დინამო მოსკოვთან" შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. მატჩის პერიპეტიებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ძირითად ამბებს შეგახსენებთ: ირაკლი სიხარულიძის და მამია გავაშელიშვილის გოლებით "ლოკომ" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი იყო, რომელიც ამ მატჩში, ალბათ საუკეთესო ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა გამოაჩინა. ქართველი გულშემატკივრის ფართო მასების ყურადღება მიიპყრო და ბევრი გუნდის ინტერესთა სფეროშიც მოექცა.

გრანადის ახლოს

შემდეგი საფეხურია "გრანადა". როგორც აღვნიშნეთ, ტურნირის ამ სეზონში ერთმატჩიანი ორთაბრძოლები იმართებოდა და წილისყრამ მასპინძლად "ნუევო დე ლოს კარმენესი" აირჩია, გიორგი მამარდაშვილის პირველი ესპანური გამოცდაც აქედან იწყება.

სხვათაშორის, "ლოკოს" ესპანეთში მეც ვახლდი (სტატიის ავტორი) და გიორგი მამარდაშვილის ახლოს გაცნობაც პირველად სწორედ ამ მოგზაურობის დროს შევძელი. ყველაზე განსაცვიფრებელი, რაც მის პიროვნებაში შევნიშნე, 19-20 წლის ბიჭისთვის განსაკუთრებული თავდაჯერებულობა და განვითარების მუდმივი წყურვილი იყო. ჩემი აზრით, გიორგი მამარდაშვილის შემთხვევაში, მთავარი უპირატესობა სწორედ ეს ხასიათია.

ჰოდა, "ლოკომოტივს" დავუბრუნდეთ, რომელმაც მამარდაშვილის საიჯარო ხელშეკრულება გაახანგრძლივა, მეკარე გუნდში კიდევ ერთი წლით დაიტოვა და 2021 წლის ზაფხულში ტრანსფერის დროც დადგა...

გამარჯობა მესტალია, მე გიორგი მამარდაშვილი ვარ!

იმ დროს, როცა თითქმის 10 წლის განმავლობაში დიდი ევროპული გუნდებისა თუ ჩემპიონატების კარი ქართველ ფეხბურთელებს კანტი-კუნტად ჰქონდათ შეღებული, ქართველ გულშემატკივარში "დინამო თბილისიდან", ლა ლიგის ერთ-ერთ ისტორიულ გუნდში პირდაპირი ტრანსფერი ცოტა დაუჯერებელიც კი იყო. თუმცა, გადაწყვეტილად გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" მიდიოდა. ოღონდ შეთანხმება ასეთი იყო: მხარეებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მამარდა "ვალენსიას" მეორე გუნდში ითამაშებდა და სავარჯიშო გამოცდილებას მთავარ გუნდშიც დააგროვებდა. ამბავი, ცოტა სხვანაირად განვითარდა.

მაშინ, "ვალენსიას" მთავარი მეკარე ნიდერლანდების ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი გოლკიპერი იასპერ სილესენი იყო, რომლის ტრანსფერიც ვალენსიელებს 35 მილიონი ევრო დაუჯდათ. დიახ, სწორად წაიკითხეთ, მეკარე, თითქმის 30 წლის, "ბარსელონადან", მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, 35 მილიონად, თანაც "ვალენსიას" ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით... მას თადარიგში კიდევ ორი მეკარე, ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო ჰყავდა. ორივე მათგანი იმ პერიოდში ტრავმირებული აღმოჩნდა, მთავარ გუნდში დანაკლისის შევსება და წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ჩართვა კი წილად გიორგი მამარდაშვილს ერგო. როგორი ამბავია? თანაც ასეთ ასაკში, თანაც მაშინ, როცა "ვალენსიაში" სულ სხვა შეთანხმებით ხარ ჩასული. აი სად გმართებს, ნერვების ომის მოგება, აი სად უნდა დაამტკიცო, რომ აქ, ამ ულამაზეს ქალაქში ტურისტად არ მოხვედრილხარ და რომ შენ დიდი გეგმები გაქვს.

ჰოდა, მამარდამაც დაიწყო დამტკიცება. ჯერ ამხანაგურ მატჩებში თამაშის შესაძლებლობა ერგო. "როსონერისთან" შეხვედრაც ამ ჟანრიდან იყო. ამას უკვე იასპერ სილესენის ტრავმაც და ესპანურ მედიაში გავრცელებული ყველასთვის დაუჯერებელი სიახლეები მოჰყვა - "ლა ლიგის პირველ ტურში, "ხეტაფესთან" მატჩში "ვალენსიას" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს"; "ხოსე ბორდალასი შანსს ახალგაზრდა ქართველ მეკარეს მისცემს"; და ა.შ. აი ნამდვილი გამოწვევა...

ამ დროს "ვალენსიას" მწვრთნელი ხოსე ბორდალასია, ესპანური ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი, რომელმაც მწირი რესურსით საკმაოდ კარგი "ხეტაფე" ააშენა და ახლა, ახალი გუნდის მესაჭის რანგში ოფიციალური დებიუტი სწორედ ამ პატარა მადრიდული გუნდის წინაშე უნდა ჩაატაროს. მოკლედ, მატჩს დიდი აფიშა აქვს და ასეც ჩაივლის. "ვალენსია" მე-11 წუთზე კარლოს სოლერის ერთადერთი გოლით იმარჯვებს, მაგრამ ზოგჯერ სპორტის ეს სახეობა უსამართლოა, რადგან წლები რომ გაივლის და მატჩის შედეგს ჩახედავთ, გოლის ავტორს ადვილად იპოვნით, აი რეალურად შეხვედრა ვინ მოიგო, ამის მიგნება კი ასეთი მარტივი არ არის. ვინ მოიგო და 20 წლის ქართველმა ბიჭმა, მატჩის მიწურულს ურთულესი მოგერიებებით, მერე არაერთი ესპანურ-ევროპული მედია საშუალებები რომ მოიარა და პირველი ტურის საუკეთესოთა რიგებშიც რომ დაიკავა ადგილი. ამასობაში, ერთ წარმატებულ მატჩს მეორე მოჰყვა, მაგრამ აღმართი დაღმართმაც მალე შეცვალა. მადრიდის "რეალთან" და "სევილიასთან" უხეში შეცდომები იყო, იასპერ სილესენმაც ტრავმა მოიშუშა და "ვალენსიას" სამწვრთნელო გუნდშიც რისკისგან თავის შეკავება ამჯობინეს....

მამარდაშვილის მაგარი დებიუტი ლა ლიგაში! გიორგიმ ვალენსიას მოაგებინა -  europop

ან ახლა, ან არასდროს

და აი, გარდამტეხი მომენტიც დადგა. თანაც 20 წლის ბიჭისთვის, რომელიც ახალ სოციალურ, კულტურულ და მენტალურ გარემოში, ენობრივი დაბრკოლებებითა და კონკურენციის მარწუხებით მოხვდა. ახლა, ყოველი შეცდომა უკან დაბრუნებას ნიშნავს.

გიორგი მამარდაშვილი გზას შეუდგა, გზას, რომელზეც ბევრი თხრილი და დაბრკოლება იყო მოსალოდნელი, მაგრამ უკან დასახევი ბილიკიც მოჭრილია, ასე რომ დანიშნულების ადგილი ასეთია - "ვალენსიას" მთავარი მეკარეობა, მარშრუტი კი მიზანდასახულობა, პროფესიონალიზმი და გზის ერთგულება. ოღონდ, ამ გზაზე გიორგი მამარდაშვილი მარტო არ ყოფილა, მას ზურგს, ოჯახი, ახლობლები და ქართველი გულშემატკივარი უმაგრებდა.

მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და იქიდან არც არსად წასულა. ჯერ იყო და კოპა დელ რეიზე წარმატებულ სეზონში გუნდის ფინალში გასვლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აღმოჩნდა. ფინალში "ბეტისმა" წარმატებას მიაღწია, მაგრამ მამარდაშვილი უკვე ლა ლიგაშიც შეუცვლელი გახდა. საქმე იქამდე მივიდა რომ ზემოთ ნახსენები და 35 მილიონ ევროდ ნაყიდი სილესენი სამშობლოში, "ნაიმეგენში" დაბრუნდა. "ვალენსიამ" ამ ტრანსფერში 1 მილიონი ევრო - გიორგი მამარდაშვილმა კი გუნდის ნომერ პირველი მეკარის სტატუსი მიიღო.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

მთავარი ღამურა

2022/23 წლების სეზონიდან ქართველ მეკარეს ესპანეთში სხვა ღირებულება აქვს. ის, რომ "ვალენსიამ" ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მეტწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა. საუკეთესო მოგერიებები, უმაღლესი შეფასებები, ლა ლიგის, ევროპის ტოპ ჩემპიონატების, სხვადასხვა პოპულარული მედია საშუალებების, კვირის, თვის, სეზონის, ახალგაზრდებისა და ზოგადი სიმბოლური გუნდები, ყველგან გიორგი მამარდაშვილის სახელსა და გვარს წააწყდებით. "ბარსელონას", მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოსთან" მამარდამ სუპერ-მატჩები ჩაატარა. რის გამოც, საქართველოში, ჟურნალისტების გამოკითხვით, 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიპოვა.

ასეთი სეზონების შემდეგ, რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ ევროპული გუნდები ქართველი მეკარის მისამართით გულგრილები დარჩენილიყვნენ. მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "რეალი", ალბათ სიის გაგრძელებას ამ ორი გუნდის დასახელების შემდეგ ნაკლები აზრი აქვს. ტოპ გუნდები იბრძვიან იმისთვის, რომ 23 წლის მეკარე მათი შემადგენლობის წევრად დაარეგისტრირონ. ზაფხულში ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ შორს არ არის ის დრო, როცა ევროპის წამყვანი გუნდის მაისურის პირველ ნომერზე ქართულ გვარს ამოვიკითხავთ.

გიორგი მამარდაშვილი და საქართველო

რას ნიშნავს საქართველოს ნაკრები თითოეული ქართული ფეხბურთელისთვის, ამის განმარტებას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს. განსაკუთრებულად, საგრძნობი, ეს 2000-იანი წლების მიჯნაზე დაბადებული თაობის შემთხვევაშია.

გიორგი მამარდაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრებთან - 1:4 წაგებულ ამხანაგურ მატჩში შედგა. ამ დროისთვის მას ეროვნულ გუნდში უკვე 14 მატჩი აქვს ჩატარებული და გამოცდილებას ეტაპობრივად აგროვებს. ძნელია, გამოცდილების მისაღებად ისე გაგიმართლოს, როგორც ეს გიორგი მამარდაშვილის შემთხვევაში მოხდა. მას ზურგს ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი გიორგი ლორია უმაგრებს, რომელთან ერთადაც ჯერ კიდევ "დინამო თბილისში" ყოფნის დროს ვარჯიშობდა, ახლა კი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში საერთო წარმატებისთვის მუშაობენ.

არც იმის ახსნაა საჭირო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მარტში გასამართი მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის, ქართული ფეხბურთისა და მთლიანად საქართველოსთვის. ვფიქრობ, ეს ტურნირი გიორგი მამარდაშვილის და სხვა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისთვის ის გარდამტეხი მომენტი იქნება, სადაც საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულად წარმოჩენას შეძლებენ და ინდივიდუალურ კარიერაშიც მასშტაბურ ნაბიჯს გადადგამენ.

გვჯერა, მალე დადგება დრო, როცა ამ სტატიას ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილების მქონე და ერთ-ერთი უდიდესი გრანდის მეკარეზე საუბრით გავაგრძელებთ. იქამდე კი, მარტს ველით, ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვების დასაწყისს!

გიორგი მამარდაშვილი: "ასე მგონია, რომ ვალენსიაში დავრჩები" | belive.ge

სხვა სტატიები