Belive

გვჯერა | "ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვიზეიმებთ" - დავით სირაძე

1 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს "დინამო არენაზე", ლუქსემბურგთან გამარჯვების შემთხვევაში, 26 რიცხვში, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულსაც თავად ვუმასპინძლებთ.

მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, belive-ის გუნდი ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ, მათ შორის ჩვენი ნაკრების ლეგენდების მოსაზრებებს მოახლოებულ შეკრებაზე. ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს, ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელ, დავით სირაძესთან.

როგორი მოლოდინით ხვდებით ლუქსემბურგთან მატჩს და როგორი განწყობა გაქვთ უმნიშვნელოვანესი სანაკრებო შეკრების წინ?

ამ თამაშს მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები მზად იქნებიან, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს. წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩია: ახლა განსაკუთრებული ყურადღება ლუქსემბურგზეა გადატანილი. იმედი მაქვს, მთელი საქართველო გაერთიანდება, დიდი ხნის ოცნებას ავისრულებთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ერთად ვიზეიმებთ.

თქვენი აზრით, როგორ ფორმაში ხვდება ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩს?

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია დიდი დანაკლისია, თუმცა ჩვენ გვყავს ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის ბედი გადაწყვიტონ და ფინალს ხვიჩასთან ერთად შევხვდეთ.

სამწვრთნელო გუნდს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, რომ შეესწავლა მეტოქეთა ტაქტიკა, ამიტომ იმედი გვაქვს რომ ლუქსემბურგს 100 პროცენტით მომზადებული შევხვდებით.

ზურგს საშინაო კედლების უპირატესობაც გვიმაგრებს...

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ატმოსფერო ყოველთვის ფანტასტიკურია, იქ ნაკრების მაისურით თამაში ყველა ქართველის ოცნებაა, ძალიან დიდი ემოციებია.

სტადიონი გულშემატკივრებით უნდა იყოს სავსე, ხალხი როგორც მეთორმეტე მოთამაშე ისე უნდა მოვიდეს. გულშემატკივარი ძალიან გეხმარება, რომ გოლი გაიტანო და დასახულ მიზანს მიაღწიო.

როგორ ხედავთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ქართული ფეხბურთის მომავალს?

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ ფეხბურთში. ეს იქნება ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაცია, მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად გაუჩნდება სიყვარული და ინტერესი ამ სპორტის მიმართ. რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს, უფრო მეტი სპონსორი გამოჩნდება და შესაბამისად, ქართული ფეხბურთი ფინანსურად კიდევ უფრო გაძლიერდება.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უკვე B დივიზიონში გამოსვლა გველის. ეს ქართული ფეხბურთისთვის ახალი ეტაპია. რას ელოდებით აღნიშნულ ჯგუფში?

ერთა ლიგის ჯგუფი, მარტივი ჯგუფი არ არის, მაგრამ შეიძლება ყველა გუნდთან წარმატების მიღწევა. ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან თამაში და გამარჯვება შეგვიძლია. კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი შევსება მოდის ახალგაზრდული ნაკრებიდან. უნდა აღვნიშნო რამაზ სვანაძის პროფესიონალიზმი, ის საუკეთესოდ დაასახელეს და მან ეს დაიმსახურა. მის ხელში გამოვლილი ყველა ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშია.

სხვა სტატიები