Belive

გვჯერა | ბუდუ ზივზივაძის პორტრეტი

6 თვის წინ ქართული სპორტი
9 წთ

2024 წლის UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი უკვე მეორედ მიიღო. "დინამო არენაზე" ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, ფინალში, ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს კვლავ საშინაო კედლებში დავუპირისპირდებით.

ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს შედგება. მოახლოებული მატჩების წინ belive-ის გუნდი არაერთ საინტერესო სიახლეს გპირდებათ. მათ შორის კი, პროფილურ სტილში გიამბობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირისკენ გაუძღვებიან.

ამ სტატიაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს წარმოგიდგენთ

ასაკი: 30

სიმაღლე: 1.89 სმ

წონა: 85 კგ

მატჩი ნაკრებში: 23

გოლი ნაკრებში: 5

ქუთაისი ქალაქია, ტალანტების მშენებელი...

საქართველოს რამდენიმე ქალაქი, ხოლო თბილისს რამდენიმე უბანი აქვს, რომელსაც ყველაზე „საფეხბურთოდ“ მივიჩნევთ ხოლმე, რასაც ძირითადად ამ გეოგრაფიულ ლოკაციაზე დაბადებული და აღზრდილი ფეხბურთელების რაოდენობა და ხარისხი განაპირობებს. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი ქუთაისია, რომელსაც ქართული ფეხბურთისთვის საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, არაერთი ვარსკვლავი უჩუქებია, ამჟამად კი, ამ ქალაქში დაბადებულ ბუდუ ზივზივაძეზე ვისაუბროთ.

30 წლის თავდამსხმელმა კარიერა 8 წლის ასაკში, მშობლიურ ქალაქში დაიწყო. ბურთთან პირველი შეხება ადრეულ ასაკშივე, ეზოში თამაშის დროს იყო, საიდანაც მეზობლის რჩევით საფეხბურთო სკოლა „იმედში“ მოხვდა.

საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, ბავშვთა ფეხბურთს ის ინფრასტრუქტურა და შესაბამისი პირობები ნამდვილად არ ჰქონია, რომელიც საფეხბურთო სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის იდეალურთან ახლოს იქნებოდა. ბუდუმ, რთული პირობების მიუხედავად წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო და თავის ასაკში რჩეულთა შორის მოხვედრაც მალე მოახერხა.

ქუთაისში წარმატებულ თამაშს, დედაქალაქში გადმოსვლა, 35-ე საფეხბურთო სკოლა და „დინამო თბილისის“ აკადემია მოჰყვა. შემდეგ მთავარ გუნდში დაწინაურდა, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობის ფონზე, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ,,ტორპედოს'' მაისურის მორგება გადაწყვიტა.

მიუხედავად, ორი ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდის გამოცვლისა, პროფესიონალურ დონეზე მისი პირველი წარმატებული გამოჩენა „სამტრედიას“ უკავშირდება. აქ ბუდუს მისთვის ნაცნობი მწვრთნელი, გია ცეცაძე დახვდა, ის რომელთან ერთადაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა გატარებული და ამიტომაც, მწვრთნელის ნდობის მოპოვება ნამდვილად არ გასჭირვებია.

აქ მან თავისი ძალები საუკეთესოდ გამოავლინა, საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც დაიმსახურა და საჩემპიონო, ფინალურ მატჩში გადამწყვეტი გოლებიც გაიტანა, რითიც „სამტრედია“ ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონობამდე მიიყვანა.

და აი, პირველი ევროპული გამოცდილების დროც დადგა. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლის სტატუსით, ბუდუ ზივზივაძემ სკანდინავიას, კერძოდ კი დანიას და „ესბიერგს“ მიაშურა.

ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის ტორპედოში | Lelo.Ge

ჩრდილოეთის ფრონტი ქართულია

,,ესბიერგში'' რამდენიმე სხვა ქართველ ფეხბურთელთან ერთად, თამაშობდა ისეთი გამორჩეული მცველი, როგორიცაა კონსტანტინოს ციმიკასი. ის ახლა ,,ლივერპულის'' შემადგენლობაში ირიცხება.

ზივზივაძე და ესბიერგი მორჩა - ბუდუ კარიერას სამშობლოში გააგრძელებს? -  europop

უკან სამშობლოში

წარუმატებელი დანიური სეზონის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძემ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. „ესბიერგმა“ ქართველი იჯარის წესით ყოფილ გუნდში, „დინამო თბილისში“ გაუშვა. ოღონდ, განსხვავებით იჯარით მოთამაშე ფეხბურთელების უმეტესობისგან, ბუდუ „დინამოს“ ლიდერი გახდა. მან 22 გატანილი გოლით გიორგი გაბედავასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა.

ბუდუ ზივზივაძე - დინამოს სახელს ღირსეულად დავიცავთ - YouTube

საიჯარო ხელშეკრულება დასრულების შემდეგ, ისევ მშობლიურ ,,ტორპედოს'' შეურთდა, რომელსაც ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი კახა ჩხეტიანი უძღვებოდა. როგორც ქართული გუნდების შემთხვევაში ხშირად ხდება, ტორპედოს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც გუნდი დაიშალა.

ბუდ'უ'პეშტი

2019 წლის ზაფხულში, ბუდუ ზივზივაძე ევროპაში ბრუნდება, კერძოდ უნგრეთში და ახალი თავგადასავალი იწყება. ყველაფერი „მეზოკოვეშდიდან“ იწყება. აქ ბუდუ ქვეყნის თასის ფინალში გადის და გუნდის ლიდერად და გამორჩეულ მოთამაშედაც ყალიბდება, ზაფხულში კი ტრანსფერის დრო კიდევ ერთხელ დგება და ბუდუთი „ფეჰერვარი“ ინტერესდება.

ბუდუმ გოლების გატანა „მოლ ფეჰერვარშიც“ დაიწყო და გუნდს სამეულისკენ მიმავალ გზაზე, ლიდერის მანტიამოსხმული გაუძღვა. ეს უკვე ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი იყო და მათი ამოცანა „ფერენცვაროშის“ დომინირების კიდევ ერთხელ შეწყვეტა გახლდათ.

ბუდუმ ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 12 გოლის გატანა შეძლო და გუნდის ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციაზე გავიდა.

შემდეგი სეზონი დაბრკოლებებით აღსავსე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ გოლების გატანას სტაბილურად აგრძელებდა, მისი სათამაშო დრო შემცირდა, რასაც ზამთარში, „უიპეშტში“ გადაბარგება და სეზონის მეორე ნახევრის იქ გატარება მოჰყვა.

ეს თანამედროვე ქართული ფეხბურთის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემის ჩამოყალიბების მომენტი იყო, რადგან „უიპეშტში“ ბუდუ ზივიზივაძეს ქართველი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ბერიძე დახვდა. ქართულმა დუეტმა აღნიშნულ სეზონში 20-ზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა.

იჯარა დასრულდა და ბუდუ „ფეჰერვარში“ დაბრუნდა. არც ის დავივიწყოთ, რომ ამ დროს მას უკვე საქართველოს ნაკრებში ნდობას უცხადებდნენ, ერთა ლიგის C დივიზიონის მოგებასა და ისტორიაში მეორედ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსის მოპოვებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეძლო. კარგ ტალღაზე მყოფმა ქართველმა იმდენი მოახერხა, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც გოლების გატანა გააგრძელა, „ფეჰერვარი“ პლეი-ოფამდე მიიყვანა და იქ გერმანულ „კიოლნსაც“ გაუტანა.

მართალია, „ფეჰერვარმა“ „კიოლნის“ დაბრკოლება ვერ გადალახა და ჯგუფური ეტაპზე ვერ მოხვდა, მაგრამ 2022/23 წლების სეზონის ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ისე გამოვიდა, რომ კალენდარული წლის განმავლობაში, ბუდუმ საერთაშორისო დონეზე და გუნდში თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა და ნათელი იყო, რომ მის კარიერაში საუკეთესო ფაზა იწყებოდა.

ახლა კი მორიგი ტრანსფერის ჯერი დადგა. გერმანიაში და მეორე ბუნდესლიგაში გადასვლა მაინც შედგა, თანაც „კარლსრუეში“, სადაც, წარსულში ქართული ფეხბურთის გამორჩეული ბომბარდირი ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა.

იაშკას გზაზე, კარლსრუესკენ

„კარლსრუე“ ერთ-ერთი უძველესი გერმანული გუნდია. 2007/08 წლების სეზონში „კარლსრუე“ ბუნდესლიგიდან დაქვეითდა და წინა დეკადაში, საერთოდ, რანგით მესამე ლიგაშიც თამაშობდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა ფეხზე ხელახლა წამოდგომა მოახერხა და ახლა უკვე მეორე ბუნდესლიგის პირველ ათეულშია დამკვიდრებული. სტადიონის რეკონსტრუქცია, ფინანსური გაძლიერება და უკეთესი გუნდის ჩამოყალიბება ის ფაქტორებია, რაც ძველი მიზნებისკენ ახალი გეგმით სიარულს ემსახურება.

ბუნდესლიგაში აღზევებისკენ მიმავალ გზაზე, 2023 წლის იანვრიდან „კარლსრუეს“ ბუდუ ზივზივაძეც ეხმარება. ისევე, როგორც მისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, ბუდუს ძირითადი შემადგენლობის წევრად გახდომის, სათამაშო დროის მოპოვებისა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვისთვის, გერმანიაშიც ბევრი ბრძოლა მოუხდა. დღეს ის უკვე ძირითადი შემადგენლობის წევრია და მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალადაც ჩამოყალიბდა.

მიმდინარე სეზონში 23 მატჩში გატანილი 8 გოლით და 1 საგოლე პასით ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია, რაც სანაკრებო, უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, განსაკუთრებულად სასიხარულოა.

WORLDSPORT.GE

ბუდუს საქართველო

და აი, ნაკრებსაც მოვადექით, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს და მის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას. აქამდეც, სხვადასხვა ეპიზოდების განხილვის დროს, ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენი დაბრკოლების გადალახვა შეძლო ბუდუმ, რამდენჯერ იყო მის კარიერაში უარყოფა, მარცხი ან სრულიად აბსურდული დაბრკოლებები. არც სანაკრებო კარიერა ყოფილა გამონაკლისი. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში იშვიათად თუ ვხედავდით და ისიც სათადარიგოთა სკამზე, მაგრამ 29 წლის ფორვარდმა პრაქტიკულად ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ ეროვნული გუნდის უცვლელ წევრად ჩამოყალიბებულიყო. ის ვილი სანიოლის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად, თავდასხმის ხაზში კი ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეულ მეწყვილედ იქცა. ერთა ლიგის C დივიზიონის მოგების საქმეში მისი წვლილი ფასდაუდებელია.

საქართველოს ნაკრებში 22 მატჩში ბუდუმ 5 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და საკუთარი თავი აქცია იმ ფეხბურთელად, რომლის გარეშეც დღეს საქართველოს ნაკრების თამაში წარმოუდგენელია.

„ბევრი იმედგაცრუება მქონია, რადგან კარგი ფორმის მიუხედავად, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა არ მეძლეოდა. იმაზეც მიფიქრია, რომ რადგან მწვრთნელი არ მიძახებდა, პრობლემა ჩემში იყო და საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მმართებდა. ვეცადე, ეს ყველაფერი სამოტივაციოდ გამომეყენებინა და ვფიქრობ შევძელი, რომ დღეს ნაკრების ერთ-ერთ წევრად ვითვლები.

ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. მჯერა, რომ ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - ბუდუ ზივზივაძე

გვჯერა, ის რაც ბუდუ ზივზივაძისა და ყველა ქართველის ოცნებაა, ახდება და გავალთ ევროპის ჩემპიონატზე!

სხვა სტატიები