გურამ კაშია: "დაგეგმე, დაიჯერე საკუთარი თავის და ოცნება შესაძლოა გვიან, მაგრამ მაინც აგიხდება"
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბრატისლავის "სლოვანის" ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც არაერთი თემის შესახებ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა. 37 წლის ცენტრალური მცველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლასა და მომავლის გეგმებზეც საუბრობს.
კარიერის საუკეთესო პერიოდი
ამ პერიოდს აღვწერ, როგორც საუკეთესოს ჩემს კარიერაში. ვამაყობ საკუთარი თავით და კიდევ უფრო მეტად ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ეს იმაზე ძლიერი გრძნობაა, ვიდრე ბავშვობაში წარმომედგინა. ვფიქრობდი, რომ ჩემს ასაკში ყველა შესაძლო გამოცდილება უკვე დავაგროვე, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი არის რაღაც ახალი. მთელი საქართველო იმ დღეებში ერთად და ერთიანი გახლდათ, რასაც ახლა მსოფლიოში ხშირად ვერ ნახავთ. მთელი ერი გაერთიანდა, ის ენერგია, რომელიც ჩვენ ჯერ გუნდში, შემდეგ კი ქვეყანაში შევქმენით, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია. ახლა ყველაფერი, რაც ფეხბურთის გამო გავიღე, დამიბრუნდა. ყველა სპორტსმენს სწყურია ასეთი მომენტები.
ფიზიკური თვალსაზრისით, ევროპის ჩემპიონატი ბევრად რთულად სათამაშო არ არის, ვიდრე ქვეყნის შიდა ჩემპიონატები. პირობითად, თუ ევროპის ჩემპიონატზე 10 კმ ვირბინე, "სლოვანში" საშუალოდ 10.5-ს ვფარავ. მთავარი განსხვავება აქ ის გახლავთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისას, შეცდომის დაშვების საფასური გაცილებით დიდია. ვიცით, რომ ევროზე თამაშისას შეცდომის დაშვება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს.
თურქეთთან მატჩის შემდეგ დავიჯერეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შესაძლებელია. მართალია ის მატჩი წავაგეთ, მაგრამ თამაშის შესანიშნავი ხარისხი ვაჩვენეთ. ჩეხეთთან შეხვედრაში სტანდარტული სიტუაციების დროს გვიჭირდა, მაგრამ მეკარემ გადაგვარჩინა, მატჩის მიწურულს კი შეხვედრის მოსაგებად 100%-იანი შანსი მოგვეცა.
პორტუგალიასთან მატჩი "ან ყველაფერი ან არაფერი" კატეგორიას წარმოადგენს. მატჩის გაკონტროლება და გამარჯვებამდე მისვლა მოვახერხეთ. გამარჯვებას წარმოუდგენელი ზეიმი მოჰყვა. წარსულში ბედნიერი მომენტები გამომიცდია, როგორიცაა ნიდერლანდებში თასის მოგება ან ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, აი ეს მატჩი და აღნიშვნა კი უფრო წნეხისა და ზეწოლის მოხსნას ჰგავდა. ადრენალინისა და ბედნიერების მოზღვავება გვქონდა. მინდოდა, რომ გულშემატკივართან ერთად მეზეიმა, რომლებიც სრულად ავსებდნენ მათთვის განკუთვნილ სექტორებს და შესანიშნავად იქცეოდნენ. მათ მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნებიც კი დაასუფთავეს. ქომაგებმა ასევე ბრწყინვალე გარემო შექმნეს.
კრიშტიანუ რონალდუსთან თამაში ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახლდათ. თამაშობ ფეხბურთელის წინაშე, რომლითაც დიდი ხანია აღფრთოვანებული ხარ და რომელსაც საუკეთესოთა რიგებში ადგილი მრავალი წელია მოპოვებული აქვს. ამ მომენტში მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი გუნდის კარის უსაფრთხოება დამეცვა და მისთვის წარმატებული მატჩი არ გამოსულიყო. ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ და ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს.
ესპანეთის ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გამეღიმა, რადგან მჯეროდა რომ ისინი ჩემპიონობას იზეიმებდნენ. ესპანელებთან შეხვედრა კედელთან დაჯახებას ჰგავს. ისინი არ ჰგვანან სხვებს, მათთან თამაში კი თითქმის შეუძლებელია. ესპანეთის ნაკრები ბევრად უსწრებს სხვებს და შესანიშნავად თამაშობს.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს ევროპის დიდ გუნდებში მოხვედრისთვის გზას გაუხსნის. მათ გაიუმჯობესეს თამაშის ხარისხი და პროფესიონალიზმი.
სლოვანში დაბრუნება
ფეხბურთი ჩემთვის დამოკიდებულებასავითაა, შეგიძლიათ ფეხბურთის შრომის მანიაკი დამიძახოთ. ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებს გარკვეული დასვენების პერიოდი მიეცათ, მაგრამ მე მინდა, რომ ვითამაშო.
ბედნიერი ვარ აქ, ფეხბურთში, სტადიონზე. ჩემთვის ფეხბურთი ნამდვილად არის დამოკიდებულება და ეს ჩემს წარმოდგენაში დასვენებაცაა, ყოველი წამით ტკბობა. არ მინდა სახლში ჯდომა, არ მომწონს. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მაქვს და იმის, რომ ფეხბურთს ვთამაშობ. არ მინდა, ხალხს შევეცოდო იმის გამო, რომ არ დამისვენია. მეტი დასვენება რომ დამჭირდეს, მწვრთნელს ვთხოვ, მაგრამ "სლოვანში" მალე დაბრუნება და გუნდისთვის მნიშვნელოვან მატჩებში დახმარება გადავწყვიტე.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ჩვენ სათამაშო დისციპლინა და ორგანიზებულობა უნდა გავაუმჯობესოთ. მე მჯერა, რომ ეს პირველი მატჩის შემდეგ ვისწავლეთ. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა გუნდისთვის ზურგიდან შეტევის ორგანიზებაში დახმარება და პირველ შეხვედრაში ეს არც ისე კარგად გამომდიოდა. გვსურს, ეს კომპონენტი გამოვასწოროთ. ვიცით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაშიც სიცხე იქნება ("შტრუგასთან" საპასუხო მატჩი), მაგრამ ეს არ გვაინტერესებს, პირობები ორივე გუნდისთვის საერთოა. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და გვსურს წარმატებას მივაღწიოთ.
მომავალი
"სლოვანში" ბედნიერი ვარ და ამის შესახებ მწვრთნელსა და გუნდის ხელმძღვანელობას უკვე ვაცნობე. ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც აქედან უნდა წავიდე. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. მინდა ისევ დავეხმარო გუნდს და მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას.
დახვედრა სამშობლოში
საქართველოში დაბრუნებისას ქომაგებმა ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს. სამშობლოში დილის 5 საათისთვის დავბრუნდით და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია მოზეიმე ხალხით გაივსო. საღამოს ავტობუსით ქალაქში გავიარეთ და 100 000 ადამიანი მოვიდა. გადავიღალეთ: 35 დღე შეკრებაზე ვიყავით, სადაც დღეების უმეტესობა ერთგვარი გახლდათ, მაგრამ ამ დახვედრამ ყველანაირი დაღლა დაგვავიწყა. ეს შესანიშნავი და გასაოცარი გამოცდილება გახლდათ.
ამ დღეებმა დაამტკიცა, რომ არასდროს უნდა დანებდე და დიდი მომენტები კარიერაში შესაძლოა მოგვიანებით, მაგრამ მაინც დადგეს. გქონდეს გეგმა და დაიცავი. თუ შეცდომას დაუშვებ და წააგებ, გაანალიზე და მაგალითად გამოიყენე. თუ ამას სწორად გააკეთებ, შესაძლოა, მომავალში კიდევ ერთი შეცდომის დაშვება აირიდო. ეს გზრდის როგორც პიროვნებას და როგორც პროფესიონალს, ფეხბურთელს. დაიცავი შენი გეგმა, საწყისები და გჯეროდეს საკუთარი თავის, მაშინ წარმატება აუცილებლად მოვა.