"გუნდში ბევრი ცვლილება იქნება" - შტურმი კიტეიშვილის შემცვლელზე მუშაობს
ავსტრიული მედია ოთარ კიტეიშვილის პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობს. სხვადასხვა მედია საშუალება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული laola1 აღნიშნავს, რომ ავსტრიის თასის ზედიზედ ორგზის მომგებ გუნდში ზაფხულში ბევრი ცვლილება იქნება.
კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ გასული წლების წარმატებაში მთავარი წვლილის შემტანი ფეხბურთელები, ოთარ კიტეიშვილი, იუსიფ გოზიბეგოვიჩი და სტეფან ჰიერლანდერი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებენ, ასევე სპორტული დირექტორის, ანდრეას შიკერისა და მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ილცერის გადაწყვეტილებაც ჯერ ცნობილი არ გახლავთ.
ამ ყველაფრის ფონზე, "შტურმის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა შოტლანდიელი ფეხბურთელის, მარკ ლეონარდის დამატების საკითხზე მუშაობს. გლაზგოში დაბადებული 22 წლის ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც როგორც დაცვითი, ისე შემტევი ფუნქციების შესრულება შეუძლია. შესაბამისად, ის ზუსტად იმ ყაიდის ფეხბურთელი გახლავთ, როგორიც 28 წლის ქართველია. მარკ ლეონარდს კონტრაქტი "ბრაიტონთან" აკავშირებს, ახლა კი შოტლანდიურ "ნორთჰემპტონშია" განათხოვრებული.
ჯერჯერობით, ოთარ კიტეიშვილის კარიერაში კონკრეტული ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ერთადერთი გუნდი, რომლის ქართველი ფეხბურთელის მისამართით დაინტერესებაზე ინფორმაცია გავრცელდა, სერბეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, "ცრვენა ზვზედა" გახლავთ.
ოთარ კიტეიშვილს გრაცის "შტურმთან" კონტრაქტი 2024 წლის 31 მაისს ეწურება, მან გუნდში ზედიზედ მეორედ თასის მოგება შეძლო, ახლა კი ჩემპიონატის დასკვნით ტურში მის გუნდს "ზალცბურგის" 11-წლიანი დომინაციის შეწყვეტის და ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს.
2023/24 წლების სეზონში, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.