Belive

"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ" - როგორ გამოეხმაურა უკრაინული მედია გორის დილასთან მარცხს

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან პოლტავის "ვორსკლას" გორის "დილასთან" მარცხის შემდეგ გამოთიშვას უკრაინული მედია გამოეხმაურა.

ua-football.com-მა "დნიპრო 1-სა" და "ვორსკლას", შესაბამისად ბერძნულ "პანათინაიკოსთან" და ქართულ გორის "დილასთან" დამარცხების შემდეგ დაწერა, რომ აღნიშნული მატჩები ერთგვარად უკრაინული საკლუბო ფეხბურთისთვის სარკეში ჩახედვას ჰგავდა. ამ მხრივ, უკრაინელმა გულშემატკივრებმა უნდა გააანალიზონ, რომ ამ ეტაპზე მათ მხოლოდ ერთი კლუბი ჰყავთ, რომელიც შესაძლოა ევროპაში კონკურენტუნარიანი იყოს.

"საერთოდ, ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი ადამიანის გულუბრყვილობას? ჩვენს ბევრ გულშემატკივარს ცხოვრებაში აკლია ფხიზელი თვითშეფასება: ისინი ყოველთვის მეტს ითხოვენ თავიანთი გუნდებისგან, ვიდრე შეუძლიათ.

უსიამოვნოა, მაგრამ ახლა ასეთი დონეა და ეს ობიექტური გარემოებებითაა გამოწვეული. მაგრამ ბევრად უფრო მოსახერხებელია დამნაშავეების ძებნა. თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რომ ახლა ევროტურნირებისთვის მხოლოდ ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.

"ვორსკლამ" დუელი 86-ე წუთზე წააგო, როცა გეილმა ბურთით თითქმის აკრობატული ეტიუდი დადგა. სხვათა შორის, ვიქტორ სკრიპნიკის გუნდში ასეთი ხელოვანები არ არიან, მიუხედავად სტეპანიუკის მიმართ დიდი პატივისცემისა.

ამრიგად, საკითხი ინდივიდუალური ოსტატობით გადაწყდა, თანაც იმ დროს, როცა დამატებითი ტაიმები ახლოვდებოდა.

"დილამ" ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ორბურთიანი უპირატესობის მოსაპოვებლად სჭირდებოდა, "ვორსკლას" მინიმალური ჰანდიკაპი კი მხოლოდ ერთი კვირის წინ იყო. ასე რომ, აქ ყველაფერი აბსოლუტურად ბუნებრივად მოხდა.

გორის "დილას" კარში მსაჯმა პენალტი არ დანიშნა - ეს ეპიზოდი პირდაპირ, განხილვის გარეშე სიმულაციად შეაფასა.

ამრიგად, გორის "დილასთან" მარცხის შემდეგ "ვორსკლასთვის" ამ სეზონში საერთაშორისო გამოსვლის დრო დასრულდა და მხოლოდ ჩაის დასალევი დრო დარჩათ იქამდე, ვიდრე ჩემპიონატში ითამაშებენ. შესაბამისად, ვნახოთ, რამდენად გაუმჯობესდება ვიქტორ სკრიპნიკის გაწვრთნილი გუნდი ახალ სეზონში", - წერს ua-football.com-ი.

რაც შეეხება გორის "დილას", ანდრეი დემჩენკოს მიერ გაწვრთნილი გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "აპოელს" დაუპირისპირდება. გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გუნდის წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის მესამეადგილოსანი გუნდი პირველ მატჩს 10 აგვისტოს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა ნიქოზიაში, 17 რიცხვში შედგება.

სხვა სტატიები