გიორგიოს კოსტისი: "საქართველოს და საბერძნეთის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები თანაბარია"
უეფას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს 26 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთთან საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩის მოგება სჭირდება.
იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი გადამწყვეტ და ისტორიულ მატჩში მოედანზე გავა, ბერძენ მწვრთნელთან, გიორგიოს კოსტისთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე ეროვნული ლიგის წარმომადგენელ „თელავს“ ხელმძღვანელობდა.
რა სიახლეებია თქვენს კარიერაში, როდის გიხილავთ კვლავ საქმეში და საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?
ჩემი გეგმა ივნისში, ახალი სეზონის დასაწყისში გუნდის ჩაბარებაა. ასეთი პირობების შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებაზეც ვიფიქრებ.
საქართველოს ჩემპიონატს საკმაოდ მაღალი დონე აქვს, განსაკუთრებით კი ზედა ხუთეულის გუნდების თამაში მომწონს. ისინი ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, შეტევის აგების მაღალი ხარისხით და პრესინგით. საქართველოს ჩემპიონატში მუშაობამ სასიამოვნოდ გამაკვირვა.
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გყავთ, განსაკუთრებით კი ამის თქმა ახალგაზრდებზე შემიძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემი საქართველოს ჩემპიონატში მუშაობის მოკლე გამოცდილებისას შევნიშნე, მათ მენტალური კუთხით გაუმჯობესება მართებთ.
საქართველოს ნაკრებს როგორ დაახასიათებთ?
საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც თავისი ფეხბურთელების რესურსს მაქსიმალურად კარგად იყენებს და გუნდს გაუმჯობესებაში ეხმარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველი ფეხბურთელების დიდი ნაწილი უკვე მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა ხვიჩა კვარაცხელიას ყოლა და საშინაო კედლების უპირატესობა იქნება. კვარა გამორჩეული ფეხბურთელია და თუ საბერძნეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს, მისი შეჩერება უნდა მოახერხონ. მათ მატჩის გეგმა სწორედ კვარაცხელიას შეჩერების გარშემო უნდა ააწყონ და ისე ითამაშონ, რომ მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეუშალონ.
მთავარი თემა, საქართველო - საბერძნეთის მატჩია. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, თქვენი, როგორც მწვრთნელის გადმოსახედიდან, ამ მატჩის მოსალოდნელი სურათი და შანსების თანაფარდობა გვითხარით.
მე საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მატჩს ვუყურე და ვნახე „დინამო არენა“, რომელიც თითქმის სრულად სავსე იყო და ტრიბუნები საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა.
რაც შეეხება საბერძნეთს, მათ ზურგს ამ ტიპის მატჩების ჩატარების უფრო დიდი გამოცდილება უმაგრებთ. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის თუ როგორ მოახერხებს საბერძნეთის ნაკრები საქართველოს 3-5-2 სათამაშო სისტემასთან ადაპტირებას და ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებას.
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ორივე ნაკრებისთვის თანაბარია. ეს ფინალური მატჩია, რომელსაც ორივე გუნდი როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად მაქსიმალური მზადყოფნით ხვდება. მათ ეს გასულ შეხვედრებში აჩვენეს.